ახალი ამბები

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი კოკოითს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი სერგეი ნარიშკინი 19 აგვისტოს მოსკოვში სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ამჟამინდელ ლიდერს ედუარდ კოკოითს შეხვდა.

„განხილულ იქნა ორმხრივი პარტნიორობის საკითხები, მათ შორის ეკონომიკის სფეროში…  მოლაპარაკებების დროს დიდი ყურადღება მიექცა საზოგადოებრივ–პოლიტიკურ ვითარებას რესპუბლიკაში [13 ნოემბერს] დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ“, – ნათქვამია კრემლის პრეს–რელიზში.

ნარიშკინმა განაცხადა, რომ  „სახელმწიფო მეთაურის არჩევის უფლება მხოლოდ სამხრეთ ოსეთის ხალხს ეკუთვნის“ და რომ რუსეთი „იმუშავებს იმ პრეზიდენტთან, რომელსაც სამხრეთ ოსეთის ხალხი აირჩევს“.

ეს განცხადება, როგორც ჩანს, იმ სტატიის საპასუხოდ გაკეთდა, რომელიც გაზეთ „კომერსანტში“ გამოქვეყნდა და რომლის თანახმადაც მოსკოვმა სამხრეთ ოსეთის ახალ ლიდერად რეგიონის საგანგებო სიტუაციების მინისტრი ანატოლი ბიბოლოვი შეარჩია.

მსგავსი/Related

Back to top button