ახალი ამბები

”კომერსანტი”: მოსკოვმა სამხრეთ ოსეთის ახალი ლიდერის კანდიდატურა უკვე შეარჩია


ანატოლი ბიბილოვი რუსულმა გაზეთმა "კომერსანტმა" ცხინვალი რეგიონის ახალ შესაძლო
ლიდერად დაასახელა. ფოტო: Cominf.org.

მოსკოვმა სამხრეთ ოსეთის ახალ ლიდერად რეგიონის საგანგებო სიტუაციების მინისტრი ანატოლი ბიბილოვი შეარჩია, იტყობინება რუსული გაზეთი „კომერსანტი“ 18 აგვისტოს.

17 აგვისტოს სეპარატისტული რეგიონის პარლამენტმა საპრეზიდენტო არჩევნების დღედ 13 ნოემბერი დაამტკიცა. ამავე დღეს გაიმართება რეფერენდუმი იმასთან დაკავშირებით გახდეს, თუ არა რუსული, ოსურთან ერთად, სახელმწიფო ენა.

ახალი ლიდერის პოსტზე „კანდიდატების შერჩევის“ პროცესთან დაახლოებულ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით „კომერსანტი“ იტყობინება, რომ პროცესს უწყებათაშორისი ჯგუფი უძღვებოდა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ფედერალური უშიშროების სამსახურის, საგარეო დაზვერვის სამსახურის, თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, რეგიონალური განვითარების სამინისტროს და მთავრობის აპარატის თანამშრომლები.

„გარდა ანატოლი ბიბილოვისა, ’შორტ-ლისტში’ ასევე მოხვდნენ სამხრეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მმართველი პარტიის „ერთობის“ ლიდერი ზურაბ კოკოევი და რესპუბლიკის ელჩი მოსკოვში დიმიტრი მედოევი. საგანგებო სიტუაციათა მინისტრზე არჩევანი მას შემდეგ გაკეთდა, რაც ამას დაჟინებით ითხოვდნენ რეგიონალური განვითარების სამინისტრო და სპეცსამსახურები… ახლა კანდიდატურა, როგორც წყარომ განაცხადა, პრეზიდენტ მედვედევის და პრემიერ–მინისტრ პუტინის დონეზე გადის თანხმობის მიღების პროცესს“, იტყობინება „კომერსანტი“.

41 წლის ანატოლი ბიბილოვმა, რომელიც ცხინვალში დაიბადა, 1992 წელს რიაზანის უმაღლესი საჰაერო–სადესანტო სამეთაურეო სასწავლებელი დაამთავრა. 1994–1996 წლებში იგი სეპარატისტული რეგიონის თავდაცვის სამინისტროს სპეცრაზმს მეთაურობდა. ბიბილოვის ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, 1998 წელს სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამშვიდობო ბატალიონში სამსახურის დაწყებამდე, ბიბილოვი ორი წელი კიევში ცხოვრობდა და ერთ–ერთი საწარმოს, რომლის სახელიც არაა დაზუსტებული, კომერციულ დირექტორად მუშაობდა.

2008 წლის აგვისტოს ომამდე იგი კონფლიქტის ზონაში ჩრდილოეთ ოსეთის სამშვიდობო ბატალიონის მეთაურის მოადგილე იყო, ხოლო 2008 წლის ნოემბერში იგი სეპარატისტული რეგიონის საგანგებო სიტუაციების მინისტრად დაინიშნა.

იმავე წყაროზე დაყრდნობით „კომერსანტი“ იტყობინება, რომ ორიოდე წლის წინ მოსკოვი მზად იყო ედუარდ კოკოითის მიერ წარდგენილი ნებისმიერი კანდიდატურისთვის დაეჭირა მხარი, თუმცა მას შემდეგ კოკოითმა მოსკოვს „იმედი გაუცრუა“ და ამის მიზეზი ცხინვალის აღსადგენად გამოყოფილი თანხების ბოროტად გამოყენება გახდა.

„კომერსანტის“ ინფორმაციით, კოკოითს მესამე ვადითაც სურდა დარჩენა, თუმცა მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ნარიშკინმა 2009 წლის მაისში განაცხადა, რომ კანონის შეცვლა, რომლითაც კოკოთი მესამე ვადით კენჭისყრას შეძლებდა, არასასურველი იქნებოდა, კოკოითმა ახალი ვარიანტების ძებნა დაიწყო და მოსკოვში თავისი პროტეჟეების ლობირებას შეეცადა. თუმცა, მისი ეს მცდელობები უშედეგოდ დასრულდა, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც მოსკოვში მისი ერთ–ერთი მფარველი, უშიშროების ფედერალური სამსახურის უფროსის მოადგილე ვიაჩესლავ უშაკოვი 2011 წლის თებერვალში თანამდებობიდან გაათვისუფლეს.

„კომერსანტი“ ასევე წერს, რომ კოკოითის მომავალი კარიერა „ჯერ განსაზღვრული არ არის“. რუსეთის ხელისუფლების ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაზეთი იტყობინება, რომ მოსკოვი „არ მიატოვებს“ კოკოითს და მას რუსეთის ერთ–ერთ ოლქში შესთავაზებენ რაიმე თანამდებობას, თუმცა არა ჩრდილოეთ კავკასიურში, რათა ის ცხინვალიდან შორს ამყოფოს, რომ მას ახალ ხელმძღვანელობაზე გავლენის მოხდენის საშუალება არ ჰქონდეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button