ახალი ამბები

სასტუმრო ‘აფხაზეთიდან’ დევნილები გამოასახლეს

15 აგვისტოს სასტუმრო „აფხაზეთიდან“ ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ის ოჯახები გამოსახლეს, რომლებიც იქ 90–იანი წლების დასაწყისიდან ცხოვრობდნენ.

გამოსახლება დღეს დილით დაიწყო მას შემდეგ, რაც პოლიციამ კომპაქტური ჩასახლების ობიექტი შემოღობა; დევნილი ოჯახების ნივთების გადასატანად სასტუმროსთან სატვირთო მანქანები გაიგზავნა. ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე სასტუმრო „აფხაზეთში“ მცხოვრები დევნილები გამოსახლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მართავდნენ, თუმცა გამოსახლების პროცესში რაიმე ინციდენტების ან პოლიციასთან შეხლა–შემოხლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

დაახლოებით 270 დევნილი ოჯახის ერთმა ნაწილმა შენობა შაბათ–კვირას დატოვა მას შემდეგ, რაც ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ 10,000 აშშ დოლარის ოდენობის კომპენსაციას დათანხმდა. ალტერნატიულ ვარიანტად დევნილებს რუსთავში მშენებარე კორპუსში განსახლება შესთავაზეს, რომლის დასრულებამდეც ხელისუფლება მათ ბინის ქირის ანაზღაურებას დაპირდა. 

მართალია ხელისუფლებამ ზოგიერთი კოლექტიური ცენტრის იქ მცხოვრები დევნილი ოჯახების საკუთრებაში გადაცემა დაიწყო, ეს წესი თბილისში მდებარე სხვა კოლექტიურ ცენტრებს არ შეხებია, განსაკუთრებით იმ უძრავ ქონებას, რომელსაც მაღალი ღირებულება გააჩნია; სასტუმრო „აფხაზეთი“ სწორედ ამგვარ ობიექტებს მიეკუთვნება და მას უკვე ჰყავს კერძო ინვესტორი. 

სულ 1,248 დევნილი ოჯახი იქნა გამოსახლებული თბილისში არსებული სხვადასხვა შენობებიდან 2010 წლის ივნისიდან 2011 წლის თებერვლამდე განხორციელებული გამოსახლებების ორი რაუნდის დროს. ივლისში 50 დევნილი ოჯახი გამოასახლეს თბილისში მდებარე ოთხი დროებითი თავშესაფრიდან, როგორც ხელისუფლება აცხადებს, განსახლების პროცესის ფარგლებში, რომლის დროსაც გამოსახლებულ ოჯახებს საცხოვრებელს რაიონებში ჰპირდებიან. უმეტეს შემთხვევებში დევნილები უარს აცხადებენ რაიონებში შემოთავაზებულ ალტერნატიულ საცხოვრებელზე იქ შესაბამისი საცხოვრებელი პირობების არარსებობის გამო.   

Back to top button