ახალი ამბები

სასამართლომ დასუფთავების გადასახადის ახალი წესის გაუქმებაზე სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი დასუფთავების ტარიფის გამოანგარიშების ახალი წესის გაუქმების თაობაზე.

24 ივნისს თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 1 ივლისიდან დედაქალაქის მაცხოვრებლები იმდენ 5 თეთრს იხდიან დასუფთავების გადასახადის სახით, რამდენ კილოვატ ელექტროენერგიასაც მოიხმარენ თვეში. გამოანგარიშების აღნიშნულმა წესმა, ერთ სულ მოსახლეზე  2.5 ლარის ოდენობით ფიქსირებული მოსაკრებელი ჩაანაცვლა.

საკრებულოს ამ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თხოვნით სასამართლოს ქრისტიან–დემოკრატებმა მიმართეს. დავის ერთ–ერთ საგანს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ მოსარჩელეთა მტკიცებით, საკრებულოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგებოდა "ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ კანონს, რომლითაც ერთ სულ მოსახლეზე დასუფთავების გადასახადი მაქსიმუმ 3 ლარი უნდა იყოს თვეში.

“საქართველოს კანონის საფუძველზე, ქ. თბილისის საკრებულომ სადავო აქტით დაადგინა ტარიფი და არა მოსაკრებელი.  ამდენად, საქართველოს კანონი ”ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” არ ეწინააღმდეგება სადავო გადაწყვეტილებით დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდის წესს და ფორმას,“– აცხადებს თბილისის საქალაქო სასამართლო 11 აგვისტოს გამოქვეყნებულ პრეს–რელიზში.

ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება ორი კვირის ვადაშია შესაძლებელი.

თბილისის ერთ–ერთ სამსულიან ოჯახს, ივლისის თვეში, როდესაც წლის სხვა თვეებთან შედარებით ყველაზე ნაკლები ელექტროენერგია მოიხმარა, ადრე დაწესებული 7.5 ლარის ნაცვლად, დასუფთავების გადასახადის სახით 11 ლარამდე თანხის გადახდა მოუწია. კრიტიკოსების თქმით, ეს თანხა შემოდგომა–ზამთარში  კიდევ უფრო გაიზრდება ელექტროენერგიის მოხმარების მატებასთან ერთად.

თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ აღნიშნული სისტემა სოციალურად სამართლიანია, ვინაიდან სოციალურად დაუცველებს დასუფთავების გადასახადის ნახევარს თბილისის მერია დაუფარავს, ხოლო მრავალრიცხოვან ოჯახებს, სავარაუდოდ, შეუმცირდებათ საგადასახადო ტვირთი. 

 

Back to top button