
სააკაშვილი ერთიან კავკასიაზე საუბრობს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 9 აგვისტოს განაცხადა, რომ შორს არ არის ის დრო, როდესაც კავკასია ერთიანი იქნება.
“დიდი პრობლემებია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და ეს ჩვენი პრობლემებიცაა, ეს ქართველი ხალხის პრობლემებია. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ შორს არაა ის დრო, როდესაც კავკასია ერთიანი იქნება; როდესაც ეს ხალხები ერთობლივად გადაწყვეტენ პრობლემებს, ისევე, როგორც ევროპის საბჭოს ხალხები, ბენელუქსი, სკანდინავიის ხალხები“, – განაცხადა მან.
„კავკასიას აბსოლუტურად ყველა რესურსი აქვს იმისთვის, რომ იყოს თავისუფალი, ერთიანი და მთლიანი, რა თქმა უნდა, საკუთარი საზღვრების, ერებისა და თავისებურებების შენარჩუნებით“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
ანაკლიის ბანაკში ზოგიერთი პოსტ–საბჭოთა ქვეყნიდან ჩამოსულ ახალგაზრდებთან შეხვედრაზე თავის რუსულენოვან გამოსვლაში, მიხეილ სააკაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთთან არსებული პოლიტიკური სირთულეების მიუხედავად, „ხალხმა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაკარგოს ერთმანეთი“.
თავის გამოსვლაში მან განსაკუთრებულად შეაქო ბელარუსი – „ქვეყანა, სადაც ცხოვრობენ ძალიან შრომისმოყვარე, ძალიან წყნარი, მშვიდობიანი, ძალზე მეგობრული და ამავდროულად, ძალზე საინტერესო ადამიანები“.
“ბელარუსში არის ჭეშმარიტად ევროპელი, ძალზე საინტერესო ხალხი, რომელიც ნამდვილად უნდა იყოს ევროპელ ხალხთა ელიტაში“, – განაცხადა სააკაშვილმა, „ეს ერი მეგობრულ და მშვიდობიან პოლიტიკას ატარებს მეზობლების მიმართ, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ეს საკუთარ თავზე გამოვცადეთ და ამისთვის დიდად გემადლიერებით. ქართველი ხალხი ამას არასოდეს არ დაივიწყებს“.
ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოუწოდა ევროპას ბელარუსის იზოლაციის წინააღმდეგ, რათა ეს ქვეყანა რუსული კონტროლის ქვეშ არ მოექცეს.