
სააკაშვილი მედვედევის ინტერვიუს შესახებ
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 9 აგვისტოს, რომ მისი რუსი კოლეგა, რომელსაც, მისი თქმით, „რეალურად ძალაუფლება არ აქვს“ და რომელიც „რეალურად, სხვა ადამიანის ჩრდილქვეშ იმყოფება“, ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს საქართველოს და პირადად მას, რაც „არ არის ნორმალური სიტუაცია“.
„ამ ორი დღის წინ ტელევიზორში მოვკარი თვალი, ჩვენზე ასჯერ დიდი ქვეყნის პრეზიდენტი როგორ ლაპარაკობდა ჩვენზე“, – განაცხადა სააკაშვილმა. მას მხედველობაში ის ვრცელი ინტერვიუ ჰქონდა, რომელიც მედვედევმა 4 აგვისტოს ქართულ და რუსულ მედია საშუალებებს მისცა.
მისი თქმით, პრესსამსახურის თანამშრომლებმა დათვალეს, რომ ინტერვიუ 55 წუთს გაგრძელდა და „აქედან 39 წუთი მომიძღვნა მე“.
„ხანდახან ვფიქრობ, რომ ნუთუ ამხელა ქვეყნის თუნდაც, შეზღუდული ძალაუფლების მქონე ლიდერს, მეტი საქმე არ აქვს თუ არა საქართველოს პრეზიდენტზე ფიქრობდეს ამდენს?“ – განაცხადა სააკაშვილმა, "ეს არ არის ნორმალური სიტუაცია. იმიტომ, რომ ჩვენ არ გვინდა, რომ სხვადასხვა გეოპოლიტიკური თამაშების ნაწილი ვიყოთ“.
მან ასევე განაცხადა, რომ მედვედევის ინტერვიუ „მთლიანად“ არ უნახავს, რადგანაც „ბევრი სხვა საქმე მაქვს“.
სააკაშვილმა ამ თემაზე ანაკლიაში პატრიოტთა ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან შეხვედრისას ისაუბრა.