
ლავროვი: სააკაშვილი ქართველი ხალხის ფონზე პათოლოგია და ანომალიაა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა განავითაროს კონტაქტები საქართველოსთან და არა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც ქართველი ხალხის ფონზე „პათოლოგია და ანომალიაა“, იტყობინება „რია ნოვოსტი“ 8 აგვისტოს.
„როგორც პრეზიდენტმა მედვედევმა თქვა, ჩვენ არ ვაიგივებთ ქართველ ხალხს ამ პერსონაჟთან“, – განაცხადა მან კორეელ კოლეგასთან ერთობლივ ბრიფინგზე, „ჩვენ მზად ვართ, სააკაშვილის გამორიცხვით, განვავითაროთ საქმიანი, პრაგმატული, ურთიერთსასარგებლო კონტაქტები [საქართველოსთან] სხვადასხვა სფეროებში“, მათ შორის სავაჭრო ურთიერთობები.
მისი თქმით, პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში „დანაშაულებრივი ბრძანება გასცა“, „აგრესიული პროპაგანდის“ ფარგლებში ახალ–ახალ „ზღაპრებს“ იგონებს ომთან დაკავშირებით.
“მინდა დაგარწმუნოთ, რომ ის სახელმწიფოებიც კი, რომლის მესვეურნიც ოფიციალურად და მუდმივად საუბრობენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის აუცილებლობაზე და საჯაროდ გამოთქვამენ ამჟამინდელი რეჟიმის მიმართ სიმპათიებს, კერძო საუბრებში მშვენივრად ავლენენ საგნის ცოდნას. მათ ყველაფერი იციან და ამბობენ იმას, რაც იძულებულები არიან რომ თქვან, ე.წ. პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე“, – განაცხადა ლავროვმა.