
მედვედევი სათათბიროს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სამხედრო ბაზების დაკანონებას თხოვს
საქართველოსთან ომიდან სამი წლისთავზე, 8 აგვისტოს პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სახელმწიფო სათათბიროს ოფიციალური თხოვნით მიმართა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გაერთიანებული რუსული ბაზების დაკანონების თაობაზე.
ბაზების განთავსების თაობაზე სეპარატისტულ აფხაზეთთან შეთანხმებას – 2010 წლის 17 თებერვალს, ხოლო ცხინვალის რეგიონთან 2010 წლის 7 აპრილს მოეწერა ხელი.
კრემლის ცნობით, ორივე შეთანხმება არეგულირებს მხარეთა იურისდიქციის საკითხებს ბაზებთან მიმართებაში და აწესებს სამხედრო შენაერთების ურთიერთქმედებით გამოყენების წესებს რუსეთისა და სეპარატისტული რეგიონების „სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების“ დასაცავად; ასევე რეგულირდება ქონებრივი და სამხედრო ბაზების მოსამსახურეთა სტატუსის საკითხები.
„ინტერფაქსი“ იტყობინება, რომ შეთანხმებების მიხედვით, 3 800 კონტიგენტიანი სამხედრო ბაზები სეპარატისტულ რეგიონებში 49 წლის განმავლობაში იფუნქციონირებენ, ვადის შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობით. ცხინვალის რეგიონში მეოთხე სამხედრო ბაზა ცხინვალსა და ჯავაში არის განთავსებული, ხოლო აფხაზეთში მე–7 რუსული ბაზა დისლოცირებულია გუდაუთასა და ოჩამჩირეში.
იმავდროულად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა, საქართველოს პატრიარქთან ილია მეორესთან ერთად, 8 აგვისტოს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო გვირგვინით შეამკო.