
მოსკოვში საქართველოს ვიზების გაცემა შეჩერდა
მოსკოვში შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გიუნტერ ბეხლერთან 5 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე, იტყობინება საგარეო უწყება.
შეხვედრა მას შემდეგ შედგა, რაც 5 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვში საქართველოს ვიზების გაცემა შეჩერდა.
შვეიცარია 2009 წლის შემდეგ საქართველოს დიპლომატიურ ინტერესებს წარმოადგენს მოსკოვში და რუსეთის დიპლომატიურ ინტერესებს თბილისში, ვინაიდან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია.
“რია ნოვოსტის“ ცნობით, მოსკოვში შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციამ ფუნქციონირება და შესაბამისად, საქართველოს ვიზების გაცემა დროებით შეაჩერა და მიზეზად კარზე გამოკრული განცხადების თანახმად, „რუსული მხარის მიერ შექმნილი ბარიერები“ დაასახელა.
შენობის მეპატრონემ, სადაც ქართველი დიპლომატების ოფისია განთავსებული, განაცხადა, რომ მან სექციას ელექტროენერგია გაუთიშა 2008 წლის შემდეგ დაგროვილი, დაახლოებით, 38 ათასი დოლარის კომუნალური გადასახადების გადაუხდელობის გამო და ამ განზრახვის შესახებ წინასწარ წერილობით აცნობა, იტყობინება „რია ნოვოსტი“. მეპატრონის განცხადებით, მან ასევე მოითხოვა, რომ ქართველმა დიპლომატებმა ერთი თვის განმავლობაში დატოვონ შენობა, რომლის ავარიულობამაც „შესაძლოა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება გამოიწვიოს“.
აღსანიშნავია, რომ მოსკოვში საქართველოს ვიზების გაცემის შეჩერება ვერ შეუქმნის დაბრკოლებას საქართველოში ჩამოსვლის მსურველებს, რადგან რუსეთის მოქალაქეებს, საქართველოს მიერ ცალმხრივად გამარტივებული პროცედურების ფარგლებში, ვიზების აღება აეროპორტებში ჩამოსვლისას, ხოლო უკვე 2 ივლისიდან სასაზღვრო–გამშვებ პუნქტ ყაზბეგი–ზემო ლარსზეც შეუძლიათ.
რუსეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შესაძლო გამარტივების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ ქართველი და რუსი ჟურნალისტებისთვის 4 აგვისტოს მიცემული ინტერვიუს ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ "ამას ხვალვე სიამოვნებით გააკეთებდა“.
„პრობლემა იმაშია, რომ არ არის ახლა მოლაპარაკებებისთვის სუბიექტი“, – განაცხადა მედვედევმა, "საერთოდ თუ იქნება გონივრული წინადადებები, ჩვენ მზად ვართ ეს განვიხილოთ, არა სააკაშვილისგან, არამედ ზოგადად საქართველოს ხელისუფლებისგან“.
“იცით, რომ არც ისე ადრე ჩვენ არ გვქონდა ნორმალური კავშირი თვითმფრინავებით. ახლა ასე თუ ისე აღვადგინეთ… საჭიროა ვიმოძრაოთ ამ მიმართულებით“, – განაცხადა მან ერთი დღით ადრე, ვიდრე მოსკოვში საქართველოს ვიზების გაცემა შეჩერდებოდა.