ახალი ამბები

პრეზიდენტის თქმით, ნორვეგიელი ტერორისტი „ნამდვილი ცხოველია“

"ის არსება“, რომელმაც ნორვეგიაში ტერაქტი მოაწყო, "ნამდვილი ცხოველია“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 2 აგვისტოს ტერაქტისას გადარჩენილ ქართველ გოგონასთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

თავდასხმას, რომელიც 22 ივლისს პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა შეიარაღებულმა პირმა ნორვეგიის კუნძულ უტოიაზე მდებარე ახალგაზრდულ ბანაკზე მოაწყო, 67 ადამიანთან ერთად ასევე ემსხვერპლა იქ მყოფი მეორე ქართველი გოგონა, 23 წლის თამთა ლიპარტელიანი, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში 4 აგვისტოს ჩამოასვენებენ.

“ის, რაც თამთა ლიპარტელიანის ოჯახს და მთლიანად საქართველოს დაატყდა თავს, უზარმაზარი ტრაგედიაა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ეს იმდენად მძიმე დანაშაულია, რომ შესაბამისი სასჯელის ზომა არც კი არსებობს.

“ნანახი მაქვს ნორვეგიული ციხეები, რომლებიც სანატორიუმებს უფრო მოგვაგონებს. არც კი ვიცი, იმ „სანატორიუმში" რა სასჯელი უნდა მოიხადოს იმ ცხოველმა და როგორ არის ეს ადეკვატური დასჯა იმისთვის, რაც მან ჩაიდინა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

Back to top button