ახალი ამბები

ოპოზიციური კოალიცია ამომრჩეველთა სიების წინასწარი რეგისტრაციის წესით შედგენას ითხოვს

ექვსი პარტიისგან შემდგარი ოპოზიციური კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას ბიომეტრიული მონაცემების გამოყენებით ამომრჩეველთა წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე დათანხმდეს სიების შედგენას.

“ამ საკითხზე ფართო პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევას შეიძლება ხელი შეუშალოს მხოლოდ ერთადერთმა მიზეზმა – ამომრჩეველთა ზუსტი და სანდო სიების შესაქმნელად ხელისუფლების პოლიტიკური ნების არარსებობამ“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც კოალიციამ 1 აგვისტოს გაავრცელა.

კოალიციის მტკიცებით, ამგვარი სიების შედგენას, დასჭირდება მაქსიმუმ 8 მილიონ დოლარი და  ოთხი-ექვსი თვე და „არა ასეულ მილიონობით დოლარის დანახარჯები და რამოდენიმე წელი, როგორც ამას ხელისუფლება ამტკიცებდა“.

მმართველმა პარტიამ ბიომეტრიული მონაცემების საფუძველზე სიების შედგენაზე ოპოზიციას უარი უთხრა იმ მოტივით, რომ ახალი სისტემის შემოღება არჩევნებამდე ვერ მოხერხდებოდა, რაც ქაოსს გამოიწვევდა არჩევნების დღეს და სანაცვლოდ, რამოდენიმე ოპოზიციურ პარტიასთან სიების დაზუსტებისა და მონიტორინგის მექანიზმის შემოღებაზე შეთანხმდა.

იმავდროულად, 1 აგვისტოდან ხელისუფლებამ დაიწყო ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობების გაცემა, რომელიც ეტაპობრივად ჩაანაცვლებს არსებულ პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს მას შემდეგ, რაც მათი მოქმედების ვადა ამოიწურება. ამასთან, ახალი მოწმობების აღება ყველა მსურველს შეეძლება და მისი ფასი 30 ლარი იქნება განსხვავებით აქამდე არსებული მოწმობებისაგან, რომლებიც 10 დღის ვადაში უფასოდ გაიცემოდა.

ოპოზიციური კოალიციის განცხადებით, ბიომეტრიული მონაცემებით მოქალაქეთა აღრიცხვა არის თავად ხელისუფლების პროექტი, რომელსაც უკვე ახორციელებს, "ოღონდ არასაკმარისი ტემპით“.

“ვთვლით, რომ არც ხელისუფლებას და არც რომელიმე ოპოზიციურ პარტიას აღარ რჩება არგუმენტები იმისათვის, რომ უარი ითქვას ბიომეტრიული მონაცემების გამოყენებით ამომრჩეველთა წინასწარ რეგისტრაციაზე,“– აცხადებს ექვსი ოპოზიციური პარტია. 

ამომრჩეველთა სიების წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე ფორმირება 2004 წელს ჩატარებულ არჩევნებზე განხორციელდა და შედეგად, დაახლოებით, 2.2 მლნ ამომჩეველი აღირიცხა. უკანასკნელ, 2010 წლის მაისის თვითმმართველობის არჩევნებზე, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 3 544 770 ამომრჩეველი იყო დაფიქსირებული. ოპოზიცია აცხადებს, რომ ამომრჩეველთა სიები გაბერილია.

 

Back to top button