
საქართველო მიესალმება აშშ–ის სენატის რეზოლუციას
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რეზოლუციის მიღებით, რომელიც აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ“ რეგიონებად აღიარებს, აშშ–ის სენატმა საქართველოში არსებულ მდგომარეობას ზუსტი სამართლებრივ–პოლიტიკური შეფასება მისცა.
“აშშ-ს სენატის მიერ აღნიშნული რეზოლუციის მიღება მნიშვნელოვანი ნაბიჯია აშშ-საქართველოს სტრატეგიულ და პარტნიორულ ურთიერთობებში“, – ნათქვამია საგარეო უწყების 30 ივლისის განცხადებაში.
“საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის ერთხმად მიღებით სენატმა ოფიციალურად გამოხატა თავისი მკაფიო და ერთსულოვანი პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ხოლო რუსეთის ფედერაცია ოკუპანტ ძალად აღიარა, რითაც საქართველოში არსებულ მდგომარეობას ზუსტი სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მისცა“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
აშშ–ში საქართველოს ელჩმა თემურ იაკობაშვილმა თავის სატელევიზიო კომენტარში განაცხადა, რომ რეზოლუცია საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის მყარი საფუძველია.
საქართველოს ხელისუფლება "დეოკუპაციის პოლიტიკის“ ჭრილში ვაშინგტონსა და სხვა დასავლურ დედაქალაქებში აქტიურად ლობირებს ამგვარი რეზოლუციების მიღებას, სადაც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულ ტერიტორიებად იქნებიან მოხსენებულნი.
2011 წლის მარტში აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის მიერ ტერმინის "ოკუპირებული“ გამოყენება სეპარატისტულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში არ ნიშნავს "პროვოკაციას" და ეს მხოლოდ ადგილზე არსებული ვითარების შეფასებაა.
”ჩვენ არ ვიცით, სხვა რა დავარქვათ ამას,“ – განაცხადა მან 3 მარტს ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას.