ახალი ამბები

კიევში საქართველოს და რუსეთის პატრიარქების შეხვედრა გაიმართა

რუსეთის პატრიარქმა, კირილმა კიევში საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქთან ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში  ქართულ ეკლესიის იურისდიქცია ვრცელდება და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები კვლავ გაგრძელდება ამ რეგიონებში „კანონიკური უწესრიგობის“ მოსაგვარებლად.

რუსეთის და საქართველოს პატრიარქების შეხვედრა 26 ივლისს კიევში გაიმართა, სადაც ორივე მათგანი 1023 წლის წინ კიევის რუსეთის მიერ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობენ.

შეხვედრის შემდეგ რუსეთის პატრიარქმა განაცხადა, რომ მათ „პრობლემებზე“ იმსჯელეს, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საეკლესიო ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

„ჩვენ არც ისე მარტივი საკითხები განვიხილეთ ძმურ და მოსიყვარულე ატმოსფეროში“, – განუცხადა პატრიარქმა კირილმა ჟურნალისტებს.

„სავსებით ნათელია, რომ საქართველოს საპატრიარქოს კანონიკური იურისდიქცია არსებობს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

რუსეთის პატრიარქმა ასევე აღნიშნა, რომ „მეორე მხრივ, ამჟამად გარკვეული კანონიკური უწესრიგობა არსებობს“ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რაც, მისი თქმით, ხალხის სულიერ ცხოვრებას ზიანს აყენებს და რასაც მოგვარება სჭირდება.

„ამიტომ, ღია, ძმურ ატმოსფეროში ამ სიტუაციის განხილვის შემდეგ, ჩვენ შევთანხმდით განვაგრძოთ საუბარი, რათა მომავალში საკითხის მოგვარებას  მივაღწიოთ… და აღვადგინოთ კანონიკური წესრიგი, რაც ნებისმიერი განხეთქილების თავიდან აცილებაში დაგვეხმარება“, – განაცხადა პატრირქმა კირილმა.

მას განსაკუთრებით ხაზი გაუსვა აფხაზეთში სამღვდელოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის ბოლო დროს არსებული დაპირისპირებას, რაც ერთ–ერთ მთავარ პოლიტიკურ საკითხად გადაიქცა სეპარატისტულ რეგიონში, განსაკუთრებით კი 26 აგვისტოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

მართალია ოფიციალურად რუსული მართლმადიდებლური ეკლესია აფხაზეთზე საქართველოს საპატრიარქოს კანონიკურ იურისდიქციას აღიარებს, მაგრამ აფხაზ მართლმადიდებელ მღვდლებს, რომლებიც უარს აცხადებენ ქართული ეკლესიის იურისდიქციის აღიარებაზე, აფხაზეთში სასულიერო საქმიანობის განსახორციელებლად უფლებამოსილებას რუსი მღვდელმთავრები ანიჭებენ.      

თუმცა აფხაზი სამღვდელოების ერთმა ჯგუფმა, რომელსაც ადგილობრივი პრესა ხშირად „ახალგაზრდა მღვდლების ჯგუფის“ სახელით მოიხსენიებს, აქტიური კამპანია წამოიწყო აფხაზეთში დამოუკიდებელი ეკლესიის ჩამოსაყალიბებლად. ამ მიზნით ჯგუფმა, რომელსაც ბევრი აფხაზი საზოგადო მოღვაწე და ასევე ზოგიერთი პოლიტიკოსიც უჭერს მხარს, 15 მაისს აფხაზეთის წმინდა მეტროპოლია ჩამოაყალიბა, რომელიც ახლა სხვა მართლმადიდებლური ეკლესიებისგან აღიარების მოპოვებას ცდილობს.

ამ ქმედებას დაუპირისპირდა არა მხოლოდ აფხაზური სამღვდელოების მეორე ჯგუფი, რომელიც რეგიონის საეკლესიო ცხოვრებაში დომინანტურ როლს ასრულებს წლების მანძილზე, არამედ რუსული სამღვდელოების მაღალი რანგის წარმომადგენლებიც. 

რუსეთის პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს კათალიკოს–პატრიარქმა ილია მეორე განაცხადა, რომ „ძმური“ მოლაპარაკებები გაიმართა.

„იმ საკითხებს, რომლებიც ჩვენს წინაშე დგას – ეს არის აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის საკითხები – ძალიან სერიოზული მიდგომა სჭირდება“, – განუცხადა ილია მეორემ ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ.

„მე მადლიერი ვარ მისი უწმინდესობის, პატრიარქ კირილის იმისათვის, რომ მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქცია აფხაზეთსა და ცხინვალში“.

„ვფიქრობ, რომ მომავალში კიდევ შევხვდებით. ეს კარგი დასაწყისია და ვფიქრობ, მისი გაგრძელებაც ძალიან კარგი იქნება და ჩვენ ვიპოვით პრობლემების მოგვარების გზებს ურთიერთგაგების სულისკვეთებით“, – განაცხადა საქართველოს პატრიარქმა.

საქართველოს პატრიარქთან შეხვედრამდე პატრიარქმა კირილმა განაცხადა, რომ ორ ეკლესიას შორის „ინტენსიური დიალოგი“ არსებობს. მისი თქმით, რუსულ ეკლესიასთან არც ერთ სხვა ეკლესიასთან არ აქვს ასეთი ინტენსიური ურთიერთკავშირი.  

„რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში სირთულეები არსებობს. მაგრამ ორ ძმურ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის რაიმე პრინციპული უთანხმოება არ არსებობს. ვიმედოვნებთ, რომ მართლმადიდებლური ეკლესიები… დაეხმარებიან სახელმწიფოთაშორის ურთერთობებში არსებული სირთულეების დაძლევაში“, – განაცხადა რუსეთის პატრიარქმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button