ახალი ამბები

სააკაშვილი ბათუმში პოლონელ კოლეგას შეხვდა

თუ არსებობს „პრო–პოლონური ხალხი  ევროპაში და მსოფლიოში, ქართველ ხალხს აქვს პრეტენზია სწორედ ამ ტიტულზე“, განუცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის პოლონელ კოლეგას, ბრონისლავ კომოროვსკის ბათუმში 26 ივლისს გამართული შეხვედრის შემდეგ.

კომოროვსკი ექვსდღიანი სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება. პოლონეთის პრეზიდენტის მიღების ოფიციალური ცერემონია 26 ივლისს ბათუმში გაიმართა, სადაც იგი საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებს ხვდება. 27 ივლისს თბილისში პოლონეთის პრეზიდენტი სამოქალქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შტაბბინას ეწვევა.  

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ პოლონეთის საგარეო პოლიტიკურმა ნაბიჯებმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მისი თქმით, ამას მოყვა  „პოლონეთის პოზიციის გაძლიერება ევროპაში“.

„ძლიერი პოლონეთი, ევროკავშირის ერთ–ერთი მთავარი წევრი, არის გადამწყვეტი ყველა სხვა ქვეყნისთვის რეგიონში, რომელსაც აქვს ევროატლანტიკური ასპირაცია“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„და მე ვფქირობ ახლა პრეზიდენტის და დღევანდელი პოლონეთის მთავრობის ძალიან საინტერესო მოქმედებების შედეგად გაჩნდა საშუალება, რომ პოლონეთი  მართლა გახდეს ევროკავშირის მთავარი მოთამაშე“, – განაცხადა მან.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ თბილისი დიდი ინტერესით ელოდება სექტემბერში ვარშავაში დაგეგმილ სამიტს. აღმოსავლეთ პარტნიორობა ექვსი ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოს – სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის – ევროკავშირთან თანამშრომლობის ფორმატია.

სააკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ვარშავის სამიტი ევროპაში შემდგომი ინტეგრაციის ახალ პერსპექტივებს გამოავლენს.

This post is also available in: English Русский

Back to top button