
ილია მეორე რუსეთის პატრიარქს კიევში შეხვდება
საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე დღეს კიევში გაემგზავრა, სადაც 26 ივლისს რუსეთის პატრიარქს, კირილს შეხვდება.
„ჩვენ ვართ მიწვეული კიევში პატრიარქ კირილის მიერ და უკრაინის მიტროპოლიტ ვლადიმერის მიერ. ეს არის ძმური ვიზიტი; რა თქმა უნდა, შეხვედრებიც მექნება და საუბარიც ჩვენს ურთიერთობაზე რუსეთსა და საქართველოს შორის“, – განუცხადა პატრიაქმა ჟურნალისტებს აეროპორტში უკრაინაში გამგზავრებამდე.
საპატრიარქოს პრესამსახურის უფროსის, დეკანოზ დავით შარაშენიძის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის პატრიარქთან შეხვედრისას მრავალ საკითხზე იქნება საუბარი, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საეკლესიო იურისდიქციის საკითხებზე.
„ძალიან ბევრი თემა იქნება განხილული, მათ შორის აფხაზეთის თემა… იქ არის ძალიან მნიშვნელოვანი საეკლესიო პროცესები. იქ რამოიდენიმე ჯგუფი არსებობს ასე ვთქვათ რელიგიური ჯგუფი საეკლესიო მოღვაწეებისა, სადაც არის ძალიან დიდი დაპირისპირება და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ რუსეთის ეკლესიასთან ურთიერთობით აღვადგენთ ჩვენს იურისდიქციას. სამწუხაროდ დღეს არ ვრცელდება [საქართველოს] საეკლესიო იურისდიქცია [აფხაზეთზე]“,– განაცხადა დავით შარაშენიძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ 25 ივლისს განაცხადა, რომ ოფიციალური თბილისი ”ყველანაირად ცდილობს” აწარმოოს დიალოგი რუსეთთან.
”შესაბამისად სასულიერო პირები თუ ამაში მონაწილეობას მიიღებენ და შეუძლიათ მათ, რომ რაიმე პოზიტიური დინამიკა შეიტანონ, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით, თუმცა შედეგი გვაჩვენებს, რამდენად პოზიტიურად ჩაივლის ასეთი ტიპის შეხვედრები“, – განაცხადა კალანდაძემ ორშაბათის ბრიფინგზე როცა მას პატრიარქებს შორის დაგეგმილი შეხვედრის კომენტირება თხოვეს.