
პოლონეთის პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა
პოლონეთის პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი სამხრეთ კავკასიური ექვსდღიანი ტურნეს ფარგლებში 26–27 ივლისს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა.
ვიზიტის ოფიციალური პროგრამის თანახმად, 26 ივლისს კომოროვსკი ბათუმში თავის ქართველ კოლეგას, მიხეილ სააკაშვილს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება, ხოლო 27 ივლისს თბილისში საქართველო–პოლონეთის ბიზნეს ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
თბილისში პოლონეთის პრეზიდენტი ასევე შეხვდება სამოქალქო საზოგადოების წარმომადგენლებს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შტაბბინას ეწვევა. ივლისის დასაწყისში პოლონეთის არმიის გენერალ–ლეიტენანტი ანდჟეი ტიშკევიჩი მისიის ხელმძღვანელად დაინიშნა. პოლონეთს, რომელიც ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში 23 წარმომადგენელი ჰყავს.
პოლონეთის პრეზიდენტი საქართველოში აზერბაიჯანიდან ჩამოვა, ხოლო 27–29 ივლისს სომხეთში გაემგზავრება.
„არავისთვის უცხო არ არის, რომ საქართველოს განსაკუთრებულად მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს პოლონეთთან… ჩვენ ვცდილობთ ეს ურთიერთობები შევინარჩუნოთ და არამხოლოდ შევინარჩუნოთ არამედ გავაღრმავოდ და ეს ვიზიტი სწორედ ამის ნათელი დასტურია, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ პოლონეთი ძალიან აქტიური ლობისტი არის საქართველოსი საერთაშორისო არენაზე განსაკუთრებით კი ევრიკავშირში და საქართველოს მისწრაფების გზაზე ევროკავშირში გაწევრიანების, მნიშვნელოვანია, რომ პოლონეთი ჩვენი მხრიდან სრულ ინფორმაციას ფლობს საქართველოში მიმდინარე პროცესების თაობაზე – უპირველესყოვლისა კი საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უსაფრთხოების საკითებთან დაკავშირებული ინფორმაციას,” განაცხადა ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ.