ახალი ამბები

ნორვეგიაში ახალგაზრულ ბანაკზე თავდასხმის შემდეგ ქართველი გოგონა დაკარგულად ითვლება

ქართველი გოგონა თამთა ლიპარტელიანი იმ რამდენიმე ადამიანს შორისაა, რომლებიც ნორვეგიის კუნძულ უტოიაზე მდებარე ახალგაზრდულ ბანაკზე თავდასხმის შემდეგ დაკარგულებად ითვლებიან.

თავდასხმის შედეგად, როდესაც 22 ივლისს პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა შეიარაღებულმა პირმა საზაფხულო ბანაკის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნა, სულ ცოტა 86 ადამიანი დაიღუპა.

ქუთაისელი თამთა ლიპარტელიანი იმ საზაფხულო ბანაკის დაახლოებით 700 მონაწილეს შორის იყო, რომელიც  ნორვეგიის მმართველი ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით ტარდებოდა.

ახალგაზრდული ბანაკის კიდევ ერთი ქართველი მონაწილე, ასევე ქუთაისელი ნათია ჩხეტიანი,  გადაურჩა თავდასხმას.

ორივე მათგანი საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტების ქუთაისის ორგანიზაციის წევრები არიან.

ნათია ჩხეტიანმა განაცხადა, რომ ბოლოს მან თავისი მეგობარი კუნძულზე სროლის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ნახა. მისი თქმით, მას შემდეგ რაც პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა პირმა სროლა დაიწყო, ზოგიერთი ახალგაზრდა თავის გადარჩენის მიზნით წყალში გადახტა. ნათია ჩხეტიანის თქმით, თავიდან ისიც აპირებდა ტყალში გადახტომას, თუმცა გადაიფიქრა მას შემდეგ რაც დაინხახა რომ ერთ–ერთ წყალში გადამხტარ ბიჭს ტყვია მოხვდა. მისი თქმით ამის შემდეგ ის რამოდენიმე სხვა ახალგაზრდასთან ერთად კუნძულის კლდოვან ნაპირზე იმალებოდა მანამ სანამ კუნძულზე პოლიცია გამოჩნდებოდა.

თამთა ლიპარტელიანის დედამ განაცხადა, რომ მისმა ქალიშვილმა ცურვა არ იცის. 

ზოგიერთი ინფორმაციით, კუნძულზე მომხდარი სროლის შემდეგ დაკარგულთა რაოდენობა ოთხი ან ხუთია.

ნორვეგიის პოლიციამ განაცხადა, რომ ისინი რამდენიმე დაკარგულს ეძებენ და დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, იტყობინება „როიტერი“.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრისთვის იენს სტოლტენბერგისთვის გაგზავნილ სამძიმრის წერილში განაცხადა, რომ „ეს საშინელი სისასტიკე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ტერორიზმი დღეს მსოფლიოს  ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება“.

„ამ პრობლემის გადასაჭრელად,  უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა, რათა სტაბილურობა და მშვიდობა უზრუნველვყოთ მთელ მსოფლიოში“, – აცხადებს სააკაშვილი წერილში.

Back to top button