ახალი ამბები

ოქრუაშვილი: გაჩეჩილაძე

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და ქართული პარტიის თანადამფუძნებელმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ მისი პარტიის წარუმატებლობა „დაემთავრებინა“ პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლება მაისში მისი ყოფილი მოკავშირის და ივნისის დასაწყისამდე ქართული პარტიის ერთ–ერთი ლიდერის, ლევან გაჩეჩილაძის „ღალატის“ შედეგია.   

მაისის ბოლოს თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ოქრუაშვილმა, რომელიც ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანამ სამი წლის წინ პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა, განაცხადა, რომ საქართველოში აპირებდა ჩამოსვლას, რათა „სააკაშვილის რეჟიმი დაემთავრებინა“. თუმცა, ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში მან განაცხადა, რომ დაბრუნებასთან დაკავშირებული გეგმები შეცვალა.
 
„არსებობდა საკმაოდ კონკრეტული გეგმა ჩემი ჩამოსვლის“, – განაცხადა ოქრუაშვილთან ტელეკომპანია „მაესტროსთან“ ინტერვიუში, რომელიც პარიზში შედგა და რომელიც „მაესტროს“ ეთერში 22 ივლისს გავიდა. „იყო კონკრეტული სცენარი იმისათვის, რომ ეს საქმე მიყვანილიყო – და ამაში იგულისხმებოდა ხელისუფლებისთვის ისეთი დარტყმა, რომელიც ამ ხელისუფლებას დაამთავრდებდა“.
 
„მიზეზი, რის გამოც არ შედგა ეს ყველაფერი, მიზეზი, რის გამოც მე საქართველოში ვერ დავბრუნდი იყო ღალატი“, – განაცხადა მან. „სცენარი, რას ვაპირებდით, იყო გათქმული და ჩაბარებული ხელისუფლებისთვის…  არის ადამიანი, რომელსაც გამოკვეთიდან შეიძლება დაარქვა მოღალატე – ეს არის ლევან გაჩეჩილაძე“.

მისი თქმით, გაჩეჩილაძემ საკუთარი კეთილდღეობის ფასად ეს ინფორმაცია ხელისუფლებას გადასცა.
 
ოქრუაშვილი, რომელსაც 2008 წლის მარტში თბილისის საქალაქო სასამართლომ 11–წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა თავდაცვის მინისტრობის პერიოდში ქრთამის აღების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის მუხლებით, ივნისში პროკურატურამ ბრალდებულად ცნო უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და ხელმძღვანელობაში.

ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები „სასაცილო“ და „შეთითხნილია“. მან ხელისუფლება მასთან დაკავშირებული ხალხის წინააღმდეგ რეპრესიებში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ პოლიციამ დაახლოებით 26 ადამიანი დააკავა შეთითხნილი ბრალდებებით „მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ჩემი მეგობრები არიან“.   

მან აღიარა, რომ ქართული პარტიის წარუმატებლობა, რომ შეესრულებინა „სააკაშვილის რეჟიმის დამთავრების“ თაობაზე მიცემული დაპირება მისთვის და ქართული პარტიისთვის დარტყმა იყო. მისი თქმით, მის პარტიას ახლა ძალების აღდგენა სჭირდება, რასაც რამდენიმე თვე დასჭირდება.

„სექტემბრის შუა რიცხვებში, სექტემბრის ბოლოსთვის გვეცოდინება რამდენად შევძლებთ ძალების აღდგენას თუმდაც შემოდგომის დასასრულისთვის“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.   

იმავე ინტერვიუში მან ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეც გააკრიტიკა და განაცხადა: „ბურჯანაძეზე მე დიდი წარმოდგენა არასდროს არ მქონია. 1 არა, 0.1 გრამი ჭკუაც არ ჰქონია მას არასდროს“.

„მაესტროსთან“ ინტერვიუში ოქრუაშვილმა საქართველოში აშშ–ის ელჩი ჯონ ბასიც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ამ უკანასნელის მიერ საპროტესტო აქციის დაშლამდე რამდენიმე საათით ადრე გაკეთებული განცხადება მწვანე შუქი გახდა ხელისუფლებისთვის, რომ ამ უკანასკნელს ძალა გამოეყენებინა მომიტინგეთა წინააღმდეგ. 

„ჯონ ბასის სინდისზეა ნომერ პირველი [26] მაისის დარბევა და მთელი ის უბედურება, რომელიც დღეს ქვეყანაში ხდება – რეპრესიებს ვგულისხმობ“, – განაცხადა ოქრუაშვილმა. 

ანალოგიური ბრალდება ადრე ქართული პარტიის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმაც გააკეთა. ივნისის დასაწყისში აშშ–ის ელჩმა განაცხადა, რომ ამგვარი ბრალდებები „უსაფუძვლოა“.

Back to top button