
სააკაშვილი „რუსეთის მიერ ჩამოყალიბებულ მონის ფსიქოლოგიასთან“ ბრძოლის შესახებ
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბათუმში და ქვეყნის სხვა ნაწილებში მიმდინარე აღმშენებლობა იმ „მონის ფსიქოლოგიის“ დანგრევას უწყობს ხელს, რომელსაც რუსეთი წლების მანძილზე ნერგავდა, რათა აეძულებინა ქართველები დაეჯერებინათ, რომ მათგან არაფერი გამოვიდოდა.
სააკაშვილმა ეს განცხადება 20 ივლისს ბათუმში სასტუმრო Radisson Blu–ს გახსნის ცერემონიაზე გააკეთა.
„ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული დღეა საქართველოს ყველაზე მთავარი ინდუსტრიისთვის – ტურიზმისთვის იმიტომ, რომ აქ იხსნება არა მხოლოდ არქიტექტურული შედევრი, არამედ ის, რაც მართლა იქცევა სიმბოლოდ საქართველოს წარმატების, საქართველოს განვითარების და საქართველოს უკეთესი მომავლის“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ახალ სასტუმრო Radisson–ს ბათუმში სხვა საერთაშორისო ბრენდებიც მოყვება, როგორიცაა Holiday Inn, Kempinski, Novotel, Hilton, Conrad, Ritz-Cariton და სხვები.
„ამას ვამბობ მათთვის, ვისაც არ ჯეროდა, რომ საქართველოში შესაძლებელი იყო ყოველივე ამის გაკეთება; მათთვის, ვისაც არ სჯერა, რომ საქართველო მართლაც განსაკუთრებული ქვეყანაა“, – განაცხადა მან.
სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ის სკეპტიკოსები, რომელთაც არ სჯერათ, რომ შესაძლებელი იქნება ბათუმის და საქართველოს სხვა ადგილების ევროპული სტანდარტების შესაბამის კურორტებად გადაქცევა, არიან „კლასიკური არქეტიპები რუსეთის მიერ ჩამოყალიბებული მონისა საქართველოში“.
მისი თქმით, „მონის ფსიქოლოგიას“ და იმას, რომ „ჩვენ ვართ ყველაზე უბედურები, ყველაზე ჩამორჩენილები, ყველაზე მახინჯები, ყველაზე გამოუსწორებლები და ჩვენგან არაფერი არ გამოვა“, ასობით წლების მანძილზე „ტვინში გვიდებდა“ რუსეთი. სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის მშენებლობის პროცესი, რომელიც ამჟამად საქართველოში მიმდინარეობს, სწორედ ამ ფსიქოლოგიას ანგრევს.
„სხვათაშორისო, რამდენიმე დღის წინ ვიყავი ბიზნეს შეხვედრაზე ნიცაში. მინდა გითხრათ, დღესაც ბათუმი მთელი რიგი კომპონენტებით ნიცას უკვე ჯობია და ორ–სამ წელიწადში ყველა პარამეტრით ცხოვრების და კომფორტის ჩაისვამს ჯიბეში ნიცასაც და კანსაც“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ბათუმის მოსახლეობა მომავალი წლის დასაწყისისთვის 200,000–მდე გაიზრდება, ხოლო 2015 წლისთვის – 500,000–მდე. ამჟამად, „საქსტატის“ ინფორმაციით, ბათუმში დაახლოებით 124,000 ადამიანი ცხოვრობს.
„ჩემი ამოცანაა ის, რომ ყოველივე, რაც აქ ხდება, შეუქცევადი იყოს“, – განაცხადა სააკაშვილმა.
„ქვეყანა, რომლის ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, რომელსაც ყოველდღიურად ემუქრებიან და ბოლო წლებში ყველანაირი ქარტეხილი შეეხო, გადაიქცა ყველაზე დინამიკური განვითარების, რეფორმების ნიმუშად მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს ხდება იმიტომ, რომ მთავრობა არ იპარავს, არც ერთი მინისტრი, მინისტრის მოადგილე, გამგებელი თუ სამოქალაქო პირი არ არის კორუმპირებული და თუ კიდევ დარჩა ასეთი, მასაც ადგილს მივუჩენთ“, – დასძინა მან.
This post is also available in: English Русский