
კავკასიის საკითხებში აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ახალი მოადგილე დაინიშნა
ერიკ რუბინი, რომელიც ბოლო დრომდე მოსკოვში აშშ–ის ელჩის მოადგილე იყო, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილედ დაინიშნა. მის მოვალეობებში კავკასიის ქვეყნებთან, ასევე საბერძნეთთან, თურქეთთან და კვიპროსთან ურთიერთობების კურირება შედის.
კარიერულმა დიპლომატმა ერიკ რუბინმა ამ თანამდებობაზე თინა ქეიდენაუ შეცვალა. ეს უკანასკნელი დააწინაურეს და ივლისის დასაწყისში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველი მოადგილე გახდა ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროში.
თავის ახალ რანგში რუბინმა 18 ივლისს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე აშშ–ს ასევე წარმოადგენდა თავდაცვის მდივნის თანაშემწე ალექსანდრე ვერშბოუ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა სამშაბათს, რომ შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს როლი ავღანეთის ISAF-ის ოპერაციაში და მისი სატრანზიტო პოტენციალი; ასევე აშშ-სა და საქართველოს თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში; ნატოში საქართველოს გაწევრიანების საკითხები და რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებული მდგომარეობა.