
პარლამენტში ახალი ფრაქცია შეიქმნა
ექვსმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა 18 ივლისს განაცხადა, რომ ქმნიან ახალ საპარლამენტო ფრაქციას სახელწოდებით "ერთობა სამართლიანობისათვის“.
ფრაქციას უხელმძღვანელებს დეპუტატი გია ცაგარეიშვილი, ირაკლი ალასანიას თანაპარტიელი ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატებიდან, რომლის თქმითაც, ახალი საპარლამენტო ჯგუფი „მკვეთრად ოპოზიციური“ იქნება.
ახალ ფრაქციაში ერთიანდებიან ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურია, რომელსაც, სავარაუდოდ, ვიცე–სპიკერის თანამდებობაზე წარადგენენ; პეტრე მამრაძე, ყოფილი პრემიერ–მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის თანაპარტიელი; დეპუტატები: კარლო კოპალიანი, თამაზ დიასამიძე და დიმიტრი ლორთქიფანიძე.
დეპუტატი ლორთქიფანიძე ბოლო დრომდე საპარლამენტო უმცირესობაში შემავალ გია თორთლაძის ფრაქციაში „ძლიერი საქართველო“ იყო გაერთიანებული. უმცირესობაში ასევე შედის ფრაქცია ქრისტიან–დემოკრატები.
ახლადშექმნილი ფრაქცია საპარლამენტო უმცირესობაში გაერთიანებას არ გეგმავს.