ახალი ამბები

ვაშაძე უკრაინელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ თავის უკრაინელ კოლეგასთან კონსტანტინე გრიშჩენკოსთან თბილისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ეს ვიზიტი "ძალიან დროული და საჭირო" იყო.

15 ივლისს ერთობლივ პრესკონფერენციაზე ვაშაძემ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე  საკითხთა ფართო სპექტრი იქნა განხილული, მათ შორის ორმხრივი  ურთიერთობების "ბევრი ასპექტი“ და რეგიონალური სიტუაცია.  მან მადლობა გადაუხადა უკრაინას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის გამო.

მას შემდეგ, რაც მინისტრებმა ხელი მოაწერეს საგარეო უწყებებს შორის 2011-2012 წლების კონსულტაციების გეგმას, კონსტანტინე გრიშჩენკომ ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას შორის "დიალოგი რეგულარულია“.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთოების დღის წესრიგში სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება დგას და ამ საკითხებთან დაკავშირებით შემოდგომაზე ორმხრივი კომისია იმსჯელებს. მისი თქმით, შეხვედრაზე განხილული იყო ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის პროექტები, მათ შორის უკრაინის გავლით ენერგომატარებლების გადაზიდვის თაობაზე.

“საქსტატის“ მონაცემებით, 2010 წელს სავაჭრო ბრუნვამ უკრაინასთან 662 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და ის რიგით მესამე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი იყო საქართველოსთვის თურქეთისა და აზერბაიჯანის შემდეგ. 2011 წლის პირველ კვარტალში უკრაინამ 204 მლნ აშშ დოლარით მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის ადგილი დაიკავა თურქეთის შემდეგ. 

14–15 ივლისს საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გრიშჩენკო უკვე შეხვდა პრეზიდენტ სააკაშვილს, ასევე დაგეგმილია მისი შეხვედრები პრემიერ–მინისტრ ნიკა გილაურთან და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან.

მსგავსი/Related

Back to top button