
50,7 მილიონი ევროს დახმარება საქართველოს
ევროკომისიამ 13 ივლისს საქართველოსთვის 2011 წლის სამოქმედო პროგრამა დაამტკიცა, რომელიც ქვეყნის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის, კონფლიქტის მოგვარების ძალისხმევის და დევნილთა მხარდაჭერისთვის 50.73 მილიონი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის კუთხით დახმარების პროგრამა მიზნად ისახავს არასრულწოვანთა მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დაკავების პირობების გაუმჯობესებას, ნათქვამია ევროკომისიის პრეს–რელიზში.
დახმარების ნაწილი ასევე მოხმარდება საქართველოს პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურების შესაძლებლობების გაძლიერებას.
ევროკომისიის დახმარება ასევე მიმართულია დევნილთა სოციალურ–ეკონომიკური და საცხოვრებელი მოთხოვნების მოგვარებისკენ.
"საქართველომ უკვე მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებაში და დევნილი მოსახლეობის დახმარებაში. მნიშვნელოვანი შედეგები უკვე მიღწეულია, თუმცა გასაკეთებელი კიდევ რჩება. დღეს მიღებული პროგრამა უზრუნველყოფს შემდგომ დახმარებას ამ მიზნების მისაღწევად“, – განაცხადა ევროკომისარმა გაფართოების და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ.