ახალი ამბები

რუსეთის თავდაცვის მინისტრი აფხაზეთს სტუმრობს

რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი 13 ივლისს სამუშაო ვიზიტით სეპარატისტულ აფხაზეთში ჩავიდა, იტყობინება "აფსნიპრესი“.

სერდიუკოვმა, რომელიც სეპარატისტული რეგიონის თავდაცვის მინისტრს, მერაბ ქიშმარიას შეხვდა, განაცხადა, რომ რუსეთი აფხაზეთში განთავსებული ნომერ მე–7 სამხედრო ბაზის ფარგლებში სამხედრო ჰოსპიტალის აშენებას გეგმავს.

სეპარატისტული რეგიონის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა, რომ ახალი სამხედრო ჰოსპიტალი „მაღალტექნოლოგიური კომპლექსი“ იქნება, რისი ანალოგიც აფხაზეთში მანამდე არ ყოფილა. ანქვაბმა ასევე განაცხადა, რომ ჰოსპიტალი, რომლის მშენებლობის ადგილიც ჯერ შერჩეული არ არის, როგორც რუს, ისე აფხაზ სამხედროებს მოემსახურება.

სერდიუკოვმა უარყო ცნობები, რომ რუსეთი აფხაზეთში თავისი შეიარაღებული ძალების ზრდას გეგმავს.

"ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ არის“, – განაცხადა მან.

"აფსნიპრესის“ ინფორმაციით, ერთ–ერთი მთავარი საკითხი, რომელიც სერდიუკოვს და ანქვაბს შორის შეხვედრაზე იქნა განხილული, ეხებოდა საბჭოთა დროინდელი სანატორიუმის „სუხუმსკის“ გარშემო არსებულ უთანხმოებას.
სამხედრო სანატორიუმი „აფხაზეთსა და რუსეთს შორის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების შედეგად“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გადაეცა.

მას შემდეგ, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სანატორიუმის რეკონსტრუქცია გადაწყვიტა, მისი თანამშრომლები დაითხოვეს, რამაც ამ უკანასკნელთა პროტესტი გამოიწვია. შედეგად, ეს სოხუმსა და მოსკოვს შორის უთანხმოების ერთ–ერთი წყარო გახდა.

13 ივლისს ანქვაბთან შეხვედრის შემდეგ სერდიუკოვმა განაცხადა, რომ რეკონსტრუქციის შემდეგ სანატორიუმის პერსონალი ადგილობრივი მოსახლეობისგან დაკომპლექტდება. 

"რეკონსტრუქცია დიდ ინვესტიციებს მოითხოვს. ჩვენ გვინდა, რომ ეს გახდეს აფხაზეთის მთელი ტურისტული ბიზნესის ზრდის ამოსავალი წერტილი“, – განაცხადა სერდიუკოვმა შეხვედრის შემდეგ.

"ჩვენ ვიპოვეთ გამოსავალი არსებული სიტუაციიდან“, – განაცხადა ანქვაბმა, "აფხაზურ და რუსულ მხარეებს აქვთ იმის გაგება, რომ საჭიროა ობიექტების გარემონტება, და რუსული მხარე შეასრულებს თავის ვალდებულებებს, რომელიც შრომის კანონმდებლობას ეფუძნება. ჩვენი მხრიდან, ვალდებულებას ვიღებთ, რომ სანატორიუმის ყველა თანამშრომელს დღევანდელი ხელფასის 2/3 ოდენობის კომპენსაცია გადავუხადოთ“.  

Back to top button