ახალი ამბები

ადვოკატი: ერთი ფოტოგრაფი გაათავისუფლეს, ხოლო სამს ჯაშუშობის ბრალდება წაუყენეს

7 ივლისს დაკავებული ოთხი ფოტოკორესპონდენტიდან ერთი, ნათია გედენიძე გაათავისუფლეს, ხოლო დანარჩენ სამს დილით ადრე ჯაშუშობის ბრალდება წაუყენეს, განაცხადა ერთ–ერთი დაკავებულის ადვოკატმა.

პროკურატურამ წინასწარი პატიმრობა მოითხოვა ნათია გედენიძის მეუღლისთვის, პრეზიდენტ სააკაშვილის პირადი ფოტოგრაფისთვის, ირაკლი გედენიძისთვის, ასევე საქართველოში ევროპის ფოტოსააგენტოს  წარმომადგენლისთვის, ზურაბ ქურციკიძისთვის და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფისთვის გიორგი აბდალაძისთვის.

ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლო დახურულ კარს მიღმა გრიფით "საიდუმლო“ საქმეზე წინასწარი პატიმრობის შეფარდების საკითხს განიხილავს.

გიორგი აბდალაძის ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ განუცხადა Civil.ge-ს, რომ სამი ფოტოგრაფის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 314–ე მუხლით აღიძრა, რომელიც ჯაშუშობას ეხება, კერძოდ კი სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის შეგროვებას და უცხო ქვეყნისთვის გადაცემას. სასჯელი 8–დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ჩინჩალაძემ განაცხადა, რომ მისი კლიენტი გიორგი აბდალაძე თავს უდანაშაულოდ ცნობს.

საქართველოში ფოტოგრაფების დაკავებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა გაანცხადა 8 ივლისს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე: "ვფიქრობ, აქ იგივე უნდა ვთქვათ, რასაც საქართველოს ხელისუფლებას და მსოფლიოს მასშტაბით სხვა მთავრობებს ვეუბნებით კერძო საუბრებში, რომ იმედი გვაქვს, რომ ამ და სხვა საქმეებზე თავისუფალი, სამართლიანი, პასუხისმგებლიანი, გამჭირვალე სასამართლო პროცესი გაიმართება“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button