ახალი ამბები

აშშ–ის საელჩო მიესალმება რელიგიების სამართლებრივ სტატუსზე კანონს

აშშ–ის საელჩო საქართველოში მიესალმება „საქართველოს გადაწყვეტილებას, შეასწოროს ბევრი რელიგიური აღმსარებლობისა და კონფესიის სამართლებრივი სტატუსი“.

“რელიგიის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. ის სტაბილური, მშვიდობიანი და აყვავებული საზოგადოების მნიშვნელოვანი ელემენტია. თანამოქალაქეთა რწმენის მიმართ ტოლერანტობა თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების საყრდენია“, – ნათქვამია საელჩოს მიერ 7 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.

“ჩვენ პატივს ვცემთ და მხარს ვუჭერთ საქართველოს თითოეული მოქალაქის აღმსარებლობის თავისუფლებას, მუქარისა და ანგარიშსწორების შიშის გარეშე. აგრეთვე, პატივს ვცემთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს მოქალაქეთა ცხოვრებაში. აღმსარებლობის თავისუფლებაცა და მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლიც საქართველოს კონსტიტუციითაა გარანტირებული,“– აცხადებს აშშ–ის საელჩო.

რელიგიური ჯგუფებისათვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ საკანონმდებლო ცვლილება ძალაში 6 ივლისს შევიდა, მას შემდეგ, რაც ის საქართველოს საპატრიარქოს წინააღმდეგობის მიუხედავად, მმართველი პარტიის დეპუტატებმა 5 ივლისს მეორე და მესამე მოსმენით დაჩქარებული პროცედურით დაამტკიცა. ამ კანონის მიღება ასევე გააკრიტიკეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა.

Back to top button