
ბაქრაძე ხორვატიას სტუმრობს
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ზაგრებში ვიზიტის ფარგლებში ხორვატიის პრეზიდენტს ივო იოსიპოვიჩს და მის კოლეგას ლუკა ბებიჩს შეხვდა.
ბაქრაძის განცხადებით, ხორვატია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არის "ერთ–ერთი მეგობარი“ სახელმწიფო ნატოში, რომელიც "მუდმივად აფიქსირებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერას“.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ყველა მიმართულებით გაღრმავებას, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების პერსპექტივებს.
"ამ თვალსაზრისით ჩვენ მივიღეთ ხორვატული მხარის დაპირება, რომ ისინი დაიწყებენ ამ საკითხზე მსჯელობას და შეეცდებიან, რომ მომავალი ზაფხულისთვის სავიზო რეჟიმი და პროცედურები იყოს მაქსიმალურად გამარტივებული“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.