skip to content
ახალი ამბები

ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტთან ბათუმში 4 ივლისს გამართული შეხვედრის დროს ესტონეთის პრეზიდენტმა თომას ჰენდრიკ ილვესმა მოუწოდა საქართველოს განაგრძოს "ვარდების რევოლუციის" შემდეგ დაწყებული პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები, განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა სამშაბათს.

ესტონეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ დემოკრატია და ეკონომიკური კეთილდღეობა "მჭიდროდაა ურთიერთგადაჯაჭვული“ და მნიშვნელოვანია ევროპული ინტეგრაციისთვის.

"ევროპა ნიშნავს სიტყვის თავისუფლების დაცვას, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიაზე დაფუძნებულ სახელმწიფოს, მაშინაც კი, როცა ის შეიძლება ცოტათი მოუხერხებლად მოეჩვენოს ხელისუფლებას“, – იტყობინება ესტონეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ილვესის სიტყვებზე დაყრდნობით.

მან ასევე განაცხადა, რომ იმ ქვეყნებს, რომლებიც ამ პრინციპებს იზიარებენ, შეუძლიათ სხვა დემოკრატიული ქვეყნების მხარდაჭერის და ნდობის იმედი ჰქონდეთ.

თომას ჰენდრიკ ილვესმა ესტონეთის მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განაცხადა, რომ საქართველო მაგალითია კორუფციასთან ბრძოლის, ეკონომიკური რეფორმების და ავღანეთში ნატოს სამშვიდობო მისიაში შეტანილი წვლილის თვალსაზრისით.

მან ასევე განაცხადა, რომ ესტონეთი მზად არის გაუზიაროს საქართველოს ევროკავშირში და ტრანს–ატლანტიკურ თანამეგობრობაში გაერთიანების კუთხით არსებული გამოცდილება. 

თავის ესტონელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს „მომავალი არის, რა თქმა უნდა, ევროპის კავშირი და მისი ევროპულ-დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება“.

"მინდა, მადლობა ვუთხრა მას [ესტონეთის პრეზიდენტს] იმისათვის, რომ მხარს უჭერს არა მარტო საქართველოს ინტეგრაციას ნატოში, არამედ ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკასაც. ამის თაობაზე მან არაერთხელ განაცხადა კიდეც“, – განაცხადა სააკაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button