ახალი ამბები

მმართველმა პარტიამ რელიგიური ჯგუფების სამართლებრივ სტატუსზე კანონპროექტის განხილვა არ გადადო

მმართველმა პარტიამ არ გადადო იმ საკანონმდებლო ინიციატივის მეორე მოსმენით განხილვა, რომელიც საქართველოში არსებული რელიგიური უმცირესობების ჯგუფებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირების საშუალებას აძლევს.

ამ კანონპროექტის მეორე და მესამე მოსმენით განხილვის შეჩერებისკენ საქართველოს საპატრიარქომ 4 ივნისს მოუწოდა.

საკითხის გადადება დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მოითხოვეს, თუმცა მათი ეს მოწოდება მმართველმა პარტიამ არ გაიზიარა.

დეპუტატმა მმართველი პარტიიდან პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ ამ საკითხის გადადების არანაირი აუცილებლობა არ არსებობს. მისი თქმით, კანონპროექტში აისახა ახალი ფორმულირებები, რომელიც რელიგიურ ჯგუფებს, რომლებსაც „მჭიდრო ისტორიული კავშირები აქვთ საქართველოსთან“, უფლებას აძლევს აირჩიონ ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად და კერძო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირება.

„პარლამენტის ვალდებულება და უფლებამოსილებაა გადაწყვიტოს მსგავსი საკითხები“, – განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან გოკა გაბაშვილმა და დასძინა, რომ რელიგიური ჯგუფების სამართლებრივ–ორგანიზაციულ ფორმას არანაირი შეხება არ აქვს საქართველოს საპატრიარქოსთან. 

ქრისტიან–დემოკრატებმა, მას შემდეგ, რაც მხოლოდ 7 დეპუტატმა დაუჭირა მხარი ამ საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნას, განაცხადეს, რომ განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ.

ქრისტიან-დემოკრატების თქმით ისინი პრინციპში წინააღმდეგები არ არიან რომ ”კანონიერ ჩარჩოებში” მოექცეს რელიგიური გაერთიანებების საქმიანობა, თუმცა საკითხის დაჩქარებული განხილვის წინააღმდეგები არიან.

Back to top button