ახალი ამბები

მიტინგების წესების შესახებ ცვლილებები მიღებულია

პარლამენტმა 1 ივლისს მესამე  მოსმენით მიიღო ცვლილებები შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში, რომელიც ამ უფლების შეზღუდვასთან და  მიტინგების ჩატარების  წესებთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს.

მმართველი პარტიის დეპუტატების მიერ ინიცირებული ეს ცვლილებები, რომელიც ოპონენტებმა გააკრიტიკეს, როგორც კანონის კიდევ უფრო გამკაცრებისკენ გადადგმული ნაბიჯი, მაისში გამართული საპროტესტო აქციებიდან ერთი თვის თავზე იქნა დამტკიცებული.

კანონპროექტის პირვანდელ ვარიანტთან შედარებით საბოლოო რედაქციაში რიგი ცვლილებები აისახა.

კერძოდ, კანონს დაემატა ახალი დებულება, რომლის მიხედვითაც აქციის ორგანიზატორები და სამართალდამცავები ვალდებულნი არიან ჟურნალისტებს, რომლებსაც გააჩნიათ მაიდენტიფიცირებელი ნიშნები და აშუქებენ მანიფესტაციას, ხელი არ შეუშალონ პროფესიულ საქმიანობაში.

საბოლოო ვერსიაში პირდაპირ აღარ იკრძალება სასამართლოების შენობებიდან 20 მეტრის რადიუსში შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვა. თუმცა სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მსგავსად, სასამართლოებსაც ეძლევათ უფლებამოსილება დამოუკიდებლად დააწესონ შეზღუდვა არა უმეტეს 20 მეტრისა, შენობის ბლოკირების და დაწესებულების საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოები და სასამართლოები შეზღუდვის დაწესების თაობაზე გადაწყვეტილებას კონკრეტულ აქციაზე არსებული გარემოების გათვალისწინებით მიიღებენ ისე, რომ შეკრების „კონსტიტუციური უფლების არსი არ იყოს უგულვებელყოფილი“.

კანონი 20 მეტრის რადიუსში შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებას კვლავაც პირდაპირ კრძალავს პროკურატურის, პოლიციის და საპატიმრო დაწესებულებების, ასევე რკინიგზის სადგურების, აეროპორტების და პორტების შენობების შესასვლელებიდან; ასევე 100 მეტრიან აკრძალვას აწესებს სამხედრო ნაწილებთან მიმართებაში.

კიდევ ერთი ცვლილება, პირვანდელ ვარიანტთან შედარებით, ეხება ბალანსის დაცვას მომიტინგეთა ინტერესებს და იმ პირთა უფლებებს შორის, ვინც ცხოვრობს, მუშაობს, ეწევა სამეწარმეო საქმიანობას იმ ადგილებში, სადაც შეკრება ტარდება. ბალანსის დაცვის თემა დღის წესრიგში არ დგება იმ შემთხვევაში, თუ „დროის მცირე მონაკვეთში“ იზღუდება უფლებები. კანონის თანახმად, ამ ბალანსის დაცვის „ვალდებულება“ აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოს, რომელმაც შეიძლება დააწესოს დროისა და ადგილის შეზღუდვა შეკრების მონაწილეებისათვის ალტერნატიული ვარიანტების შეთავაზების გზით. ანალოგიური შეზღუდვა შეიძლება დაწესდეს ასევე ორი ურთიერთდაუკავშირებელი აქციის გამართვის პირობებშიც.

კანონის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა  აქციის გამართვის გეგმებზე არსებობს მაშინ, თუ ის ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება ან ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებას ახდენს. თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია გახსნას გზა და აღადგინოს ტრანსპორტის მოძრაობა, თუ ჩათვლის, რომ მომიტინგეთა რაოდენობის გათვალისწინებით, აქციის ჩატარება „სხვაგვარად შესაძლებელია“. თუ ადგილობრივი ორგანო არ ან ვერ იღებს გადაწყვეტილებას, მაშინ უკვე მთავრობას ეძლევა უფლებამოსილება გადაწყვიტოს ეს საკითხი. 

მიღებული ცვლილებების თანახმად, შეკრება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, თუ მასიურად ადგილი აქვს ანტისახელმწიფოებრივ მოწოდებებს და შესაბამისი ქმედებების განხორციელების აშკარა საფრთხე არსებობს; აქციის მონაწილეები ატარებენ ცეცხლსასროლ იარაღს, ფეთქებად, ადვილად აალებად, რადიოაქტიურ,  ცივ იარაღს ანდა ისეთ საგანს და ნივთიერებას, რომელმაც შეკრების მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეიძლება ზიანი მიაყენოს; ასევე იმ შემთხვევაში, თუ აქციის მონაწილეებს მასიურად გააჩნიათ ცრემლსადენი და ნერვულ–პარალიტიკური მოქმედების მომწამვლელი ნივთიერებები.

ამ ნორმების არამასიური დარღვევის შემთხვევაში, ასევე  კანონით დაწესებული სხვა შეზღუდვებიდან გადაცდომისას, ორგანიზატორებს მიეცემათ ვადა მათ აღმოსაფხვრელად. წინააღმდეგ შემთხვევაში  სამართალდამცავები ან თავად აღმოფხვრიან დარღვევას ან შეწყვეტენ მიტინგს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button