skip to content
ახალი ამბები

საპარლამენტო ქალაქად ქუთაისი განისაზღვრა

პარლამენტმა დღეს მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პარლამენტის ადგილსამყოფელად მხოლოდ ქუთაისს განსაზღვრავს.

მიღებული ცვლილებების თანახმად, პარლამენტი დედაქალაქიდან ქუთაისში მომდევნო საკანონმდებლო ორგანოს არჩევის შემდეგ გადავა. მისი ადგილსამყოფელის  დროებით შეცვლა სხდომის ან სესიის მოწვევის მიზნით დასაშვები იქნება  მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს.

მიღებული გადაწყვეტილებით შეიცვალა ორი წლის წინ დამტკიცებული საკონსტიტუციო შესწორება, რომლის თანახმადაც ქუთაისში მხოლოდ პლენარული სხდომები უნდა გამართულიყო, ხოლო სხვა საქმიანობა, მათ შორის საკომიტეტო მოსმენები, კვლავაც თბილისში წარიმართებოდა.

ოპონენტების განცხადებით, პარლამენტის ქუთაისში გადატანა გამოიწვევს დედაქალაქის პოლიტიკური როლის დაკნინებას,  მთავრობაზე კონტროლის შესაძლო შესუსტებას და საბიუჯეტო ხარჯების ზრდას, რაც პარლამენტის ახალი შენობის მიმდინარე მშენებლობას და მის შემდგომ ფუნქციონირებას უკავშირდება.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 25 ივნისს განაცხადა, რომ ქუთაისში პარლამენტის გადატანა საქართველოს დეცენტრალიზაციის პოლიტიკის შემადგენელი "ისტორიული რეფორმაა“ და "ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს“, ეს გადაწყვეტილება მაინც შესრულდება.

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებით, ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობა 57 მლნ ლარი ჯდება და ამ თანხებს თბილისში პარლამენტის ამჟამინდელი შენობა დაფარავს მას შემდეგ, რაც ის გაიყიდება.

ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობისთვის ადგილის მოსამზადებლად  ხელისუფლებამ 2009 წლის დეკემბერში "დიდების მემორიალი“ ააფეთქა. აფეთქება უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევით განხორციელდა და მას დედა–შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დიზაინერთა თქმით, 40 მეტრის სიმაღლის შუშის გუმბათიანი ახალი შენობა გამჭვირვალობის სიმბოლო, ხოლო მისი 200 მეტრიანი თხელი ბეტონის სტრუქტურა, რომელიც შუშის გუმბათს გასდევს ზოლად, სიძლიერის გამოხატულება იქნება.

CMD Ingenieros–ის დაპროექტებული  პარლამენტის ახალი შენობის საერთო ფართი 4 200 კვადრატული მეტრი იქნება, სადაც 217 კაბინეტი და 11 საკონფერენციო დარბაზი განთავსდება.

This post is also available in: English (ინგლისური)

Back to top button