
საქსტატი: საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 4 469 200 შეადგენს
"საქსტატის" მიერ 30 ივნისს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საქართველოს მოსახლეობა ერთი წლის მანძილზე 0.7%–ით გაიზარდა და 2011 წლის იანვრის მდგომარეობით, 4 469 200 შეადგინა. მონაცემებში არ შედის აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა.
მოსახლეობის 52.4% ქალია, ხოლო 47.6% – მამაკაცი; ამასთან, ქვეყნის მოსახლეობის 53.1% ქალაქში, ხოლო 46.9% სოფლად ცხოვრობს.
მოსახლეობის 13.8% 65 წლისაა ან ამ ასაკს აღემატება. "საქსტატის" ინფორმაციით, ოთხ წლამდე ბავშვების წილი ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე "მკეთრად“ გაიზარდა და ამჟამად, მოსახლეობის 6.1%–ს შეადგენს.
2000–2007 წლებში შობადობის მაჩვენებელი საგრძნობლად არ შეცვლილა. ახალშობილთა რაოდენობა ყოველწლიურად 47 000–დან 49 000–მდე მერყეობდა. 2008 წელს შობადობის მაჩვენებელი 56 565–მდე გაიზარდა, ხოლო 2009 წელს – 63 377–მდე. 2010 წელს ეს მაჩვენებელი 62 585–მდე შემცირდა.
მოსახლეობის ბოლო აღწერა საქართველში 2001 წელს ჩატარდა, რომლის დროსაც მოსახლეობის რიცხოვნობა 4,4 მილიონს შეადგენდა, რაც 1989 წლის აღწერის შედეგებთან შედარებით 1 მილიონით ნაკლები იყო.
This post is also available in: English Русский