skip to content
ახალი ამბები

ოქრუაშვილთან დაკავშირებულ საქმეზე რვა პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრთან ირაკლი ოქრუაშვილთან კავშირში მყოფ რვა პირს, რომელთაც იარაღის უკანონო შეძენა–შენახვაში და უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნაში ედებათ ბრალი, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ოთხ მათგანს – გიორგი საათაშვილს, შალვა საბაშვილს, ხვიჩა მაჭარაშვილს და კახა ტერაშვილს – სასამართლომ 23 ივნისს მიუსაჯა წინასწარი პატიმრობა. ყველა მათგანს იარაღის და ასაფეთქებლების უკანონო შენახვაში ედება ბრალი.

დანარჩენ ოთხს – დავით ჯარმელაშვილს, დავით შიუკაშვილს, ბონდო კაკაშვილს და ლევან ტერაშვილს – სასამართლომ 24 ივნისს მიუსაჯა წინასწარი პატიმრობა. ყველა მათგანს ბრალად ედება უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობა, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 23 ივნისს, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა, რომლის რამოდენიმე წევრი ქართულ პარტიასთან არის დაკავშირებული და რომელთაც უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნაში ედებათ ბრალი.

შსს–ს თქმით, ჯგუფს მაისის ბოლოს მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაბრუნებისას მისთვის სამხედრო მხარდაჭერა უნდა აღმოეჩინა.

ქართულმა პარტიამ განაცხადა, რომ პოლიციამ პარტიის აქტივისტს ლევან ტერაშვილს და ბონდო კაკაშვილს სახლში იარაღი "ჩაუდო“ და შსს–ს ბრალდებას "ფალსიფიცირებული“ და "აბსურდი“ უწოდა.

იმავდროულად, დეპუტატმა ეროვნულ–დემოკრატიული პარტიიდან გურამ ჩახვაძემ 24 ივნისს ამ საქმესთან დაკავშირებით ირაკლი ოქრუაშვილის სამართლებრივი დევნის დაწყების საკითხი დააყენა და ხელისუფლებას მოუწოდა მოითხოვოს მისი ექსტრადიცია საფრანგეთიდან, სადაც ყოფილი თავდაცვის მინისტრი პოლიტიკური თავშესაფარით სარგებლობს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button