
მოსკოვი ამერიკული გემების საქართველოში შემოსვლას აპროტესტებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის სამხედრო ხომალდის Monterey–ის ბათუმის პორტში "დემონსტატიულ“ შემოსვლას აქამდე ამერიკული გემების საქართველოში განხორციელებულ სხვა ვიზიტებთან ერთად აპროტესტებს.
“როგორი ახსნაც არ უნდა მიეცეს ასეთ შემოსვლებს, ცხადია, რომ ეს იქნება საქართველოს ხელმძღვანელობის მიერ აღქმული, როგორც მისი რევანშისტული მისწრაფებების წახალისება რუსეთის მოკავშირეების – აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმართ და ამასთან, ხელს არ შეუწყობს რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებას“, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება 21 ივნისს.
სამინისტრომ ბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებით აღჭურვილი Monterey-ის შავ ზღვაში გამოჩენის გამო, რაც მეკობრეობის წინააღმდეგ მის მრავალეროვნულ წვრთნებში მონაწილეობას უკავშირდებოდა, პირველი შეშფოთება 12 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში გამოთქვა.
"რუსეთი საგარეო საქმეთა სამინისტრო ცოტა ხნის წინ გამოთქვამდა შეშფოთებას იმის გამო, რომ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის სფეროში თანამშრომლობაზე [აშშ–სთან] საუბრების პარალელურად, ფაქტიურად მიმდინარეობს ოპერატიული რაკეტსაწინააღმდეგო "დაზვერვა“ ჩვენი ქვეყნების საზღვრების უშუალო სიახლოვეს“, – ნათქვამია 21 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.
“მივიჩნევთ, რომ ამგვარი მანევრები ეწინააღმდეგება რუსულ–ამერიკული ურთიერთობების ამჟამინდელ ხასიათს“, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება, "ვაშინგტონისგან ველით უფრო კონსტუქციულ მიდგომას, რომელიც უპასუხებს სამხრეთ კავკასიაში და მთლიანად შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ყველა აქ არსებული სახელმწიფოების კანონიერი ინტერესებისა და შეშფოთების პატივისცემის ამოცანებს“.
This post is also available in: English Русский