ახალი ამბები

პირველ კვარტალში მშპ–ს რეალურმა ზრდამ 5.8% შეადგინა

"საქსტატის“ მიერ 20 ივნისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2011 წლის პირველ კვარტალში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) რეალურმა ზრდამ 5.8% შეადგინა.

მიმდინარე ფასებში პირველ კვარტალში მშპ-მა 5.1 მილიარდი ლარი შეადგინა.

2010 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს მშპ–ს რეალურმა ზრდამ, 2009 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6% შეადგინა; ხოლო მთლიანობაში 2010 წელს მშპ–ის ზრდა 6.4% იყო. 

2011 წლის პირველ კვარტალში მრეწველობამ და ვაჭრობამ ქვეყნის მშპ–ს მესამედზე მეტი მოიცვა, შესაბამისად, 18.8%–ით და 17%–ით; შემდეგ მოდის ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა – 12.1%; სახელმწიფო მმართველობა – 10.6%; სოფლის მეურნეობა – 9.4% და ჯანდაცვა – 7.1%.

2011 წლის პირველ კვარტალში ყველაზე დიდი ზრდა ფინანსურ სექტორში დაფიქსირდა – 24%; შემდეგ მოდის ელექტროენერგია, აირის და წყლის წარმოება და განაწილება – 12.4%; უძრავი ქონება – 9.5%; ტრანსპორტი – 9.1%; გადამამუშავებელი მრეწველობა – 8.6%; სასტუმროები და რესტორნები – 8.6%; კავშირგაბმულობა – 7.6%.

სოფლის მეურნეობა, სადაც 2010 წელს 1.7%–იანი კლება დაფიქსირდა, 2011 წლის პირველ კვარტალში 1.7%–ით გაიზარდა.

"საქსტატის“ ინფორმაციით, 2011 წლის პირველ კვარტალში სამშენებლო სექტორში 5.5%–იანი კლება დაფიქსირდა.

გიორგი ირემაშვილი, საქართველოს ბანკის ჯგუფში შემავალ საინვესტიციო დანაყოფი BG Capital-ის კვლევითი ანალიტიკოსი ამბობს, რომ აპრილის თვის წინასწარი მონაცემები ზრდის ტემპების საგრძნობ შემცირებას აჩვენებს. მისი თქმით, მეორე კვარტლის მშპ-ის ზრდის პროგნოზი 3-3.5%-ია, რაც თავის მხრივ უარყოფით გავლენას იქონიებს მთლიან 2011 წლის საპროგნოზო მაჩვენებელზე და შესაძლოა, წლის ბოლოსთვის მშპ–ის ზრდა პროგნოზირებად 5.5%-ზე ნაკლები იყოს.

This post is also available in: English Русский

Back to top button