ახალი ამბები

ბურჯანაძის მეუღლეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ნინო ბურჯანაძის მეუღლეს და სასაზღვრო პოლიციის ყოფილ უფროსს ბადრი ბიწაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაო პატიმრობით შეუცვალა.  

ამ შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ 19 ივნისს, დაახლოებით ორი კვირის თავზე მიმართა მას შემდეგ, რაც ბიწაძემ გირაოს თანხა არ გადაიხადა.  

ბიწაძეს 100 ათასი ლარის ოდენობით დაკისრებული გირაოს გადახდის ვადა 7 ივნისს ამოეწურა. მას ბრალი ედება "წინასწარ შექმნილი ჯგუფის მიერ პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმების ორგანიზებაში“. სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ეს დანაშაული ისჯება ტუსაღობით ოთხიდან ექვს თვემდე ან თავისუფლების აღკვეთით შვიდ წლამდე ვადით.

სამართალდამცავთა ცნობით, ბიწაძემ 26 მაისის მოვლენების შემდეგ, სავარაუდოდ, ქვეყანა დატოვა. 

ცოტა ხნის წინ ეროვნული ფორუმის ერთ–ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ მან ბადრი ბიწაძეს 26 მაისს გამთენიისას ქვემო ქართლში ტყეში მიაგნო და შემდეგ ბოლნისში დატოვა. როგორც სანიკიძე ყვება, მას ბიწაძემ უთხრა, რომ 26 მაისს თბილისი მეგობრებთან ერთად დატოვა, თუმცა გზაში ისინი სამართალდამცავებმა გააჩერეს, რომლებმაც მისი მეგობრები და მანქანა თან წაიყვანეს, ხოლო ბიწაძე ტყეში დატოვეს. 

ბურჯანაძემ, რომელიც ამბობს, რომ მან მეუღლის ადგილსამყოფელი არ იცის, თავიდანვე განაცხადა, რომ გირაოს გადახდას არ აპირებდა. მან ასევე უარყო ბადრი ბიწაძის მიმართ წაყენებული ბრალდებები, რომელიც მისი თქმით, იმ კამპანიის ნაწილია, რომელსაც ხელისუფლება უშუალოდ მის წინააღმდეგ აწარმოებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button