ახალი ამბები

აშშ-ის სამხედრო ხომალდი Monterey ბათუმს ეწვია


Aegis-ის ბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო სისტემით აღჭურვილი ამერიკული ხომალდი Monterey.

ამერიკული სამხედრო ხომალდი, Monterey, რომლის შავ ზღვაში გასულ კვირას გამოჩენას მოსკოვის პროტესტი მოყვა, 20 ივნისს ბათუმის პორტში შევიდა.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ცნობით, Aegis-ის ბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო სისტემით აღჭურვილი აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდი ბათუმის პორტში 23 ივნისამდე დარჩება.

“Monterey მოქმედებს შავი ზღვის არეალში შავი ზღვის მოსაზღვრე ქვეყნებთან ერთად ერთობლივი საზვაო წვრთების ჩატარების მიზნით. აშშ-ს საზღვაო ძალების გემები გამოგზავნა შავ ზღვაში მრავალი წელია უკვე რეგულარულად ხდება, რაც გამოხატავს შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობისა და საზღვაო უსაფრთხოებისადმი აშშ-ის მხარდაჭერას", – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ 17 ივნისს გავრცელებულ პრეს-რელიზში.

173 მეტრის სიგრძის Monterey, რომლის ბორტზეც 43 ოფიცერი და 323 რიგითი იმყოფება, ბათუმში მას შემდეგ შევიდა, რაც იმავე პორტს 9-12 ივნისს კიდევ ერთი ამერიკული სამხედრო ხომალდი, Anzio, სტუმრობდა. გემის ეკიპაჟმა საქართველოს სანაპირო დაცვასთან გემის დაზიანების აღმოფხვრაში, ძრავისა და ელექტრომოწყობილობების სარემონტო სამუშაოებში ერთობლივი წვრთნები ჩაატარა.   

Monterey შავ ზღვაში გასულ კვირაში გამოჩნდა, რათა მონაწილეობა მიეღო მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებში, Sea Breeze 2011, რომლის თანაორგანიზატორები უკრაინა და აშშ არიან. ამ ორ ქვეყანასთან ერთად, წვრთნებში, რომელიც 6 ივნისიდან 18 ივნისამდე იმართება, მონაწილეობას ასევე იღებენ აზერბაიჯანი, ალჟირი, ბულგარეთი, დანია, გერმანია, მაკედონია, მოლდოვა, საქართველო, შვედეთი, თურქეთი და დიდი ბრიტანეთი. წვრთნები, ორგანიზატორთა თქმით, მეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლის ტაქტიკას მოიცავს.

12 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებით აღჭურვილი Monterey-ის შავ ზღვაში გამოჩენასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.

”რუსულ მხარეს არაერთხელ გაუსვამს ხაზი, რომ უყურადღებოდ არ დატოვებს ჩვენი საზღვრების უშუალო სიახლოვეს აშშ-ის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის გამოჩენას და აღიქვამს მსგავს ნაბიჯებს, როგორც ჩვენი უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ საფრთხედ", – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.

Back to top button