
მამუკა არეშიძე აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების განხილვის საჭიროებაზე საუბრობს
ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ განაცხადა, რომ საქართველომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი უნდა განიხილოს.
არეშიძემ განაცხადა, რომ მზად არის მიიღოს ის უამრავი კრიტიკა, რომელიც ამ წინადადებას მოყვება.
"დღევანდელი ხელისუფლების კი არა, დღევანდელი საზოგადოების პირობებშია უამრავი სირთულეები გადასალახი, რადგან ბევრი ადამიანი ამიმხედრდება,“ – განაცხადა სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა არეშიძემ გაზეთ „რეზონანსთან“ ინტერვიუში, რომელიც 15 ივნისს გამოქვეყნდა.
მისი თქმით, თბილისმა ამ მიდგომის განხილვა ძალიან პრაგმატული მიზეზების გამო უნდა დაიწყოს.
"ჩვენ განსაკუთრებული ზომები გვაქვს მისაღები არა იმისთვის, რომ აფხაზეთი დავიბრუნოთ, არამედ იმისთვის, რომ აფხაზები დავიბრუნოთ… თუ ჩვენ გვინდა აფხაზები დავიბრუნოთ, ჩვენ ისინი უნდა გადავარჩინოთ,“ – განაცხადა არეშიძემ.
"აფხაზეთის დაბრუნება ვერ მოხერხდება, თუ დავტოვებთ იმ მდგომარეობაში, რომელშიც დღეს არიან. რუსეთი ფორსირებულად ცვლის აფხაზების დემოგრაფიულ სურათს,“ – განაცხადა მან.
არეშიძის თქმით, რუსეთის პოლიტიკა, რომელიც მიმართულია აფხაზების ასიმილაციისკენ, მომდევნო წლების განმავლობაში კიდევ უფრო შეცვლის დემოგრაფიულ სიტუაციას და კიდევ უფრო შეამცირებს ეთნიკური აფხაზების ისედაც შემცირებულ ხვედრით წილს რეგიონში.
მან ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს უპირობო და ის მთელ რიგ პირობებთან უნდა იყოს მიბმული, მათ შორის დევნილთა დაბრუნებასთან.
"მე არ ვამბობ იმას, რომ პირდაპირ დამოუკიდებლობა უნდა მივცეთ და ამით დავამთავროთ-მეთქი. დამოუკიდებლობის მიღების კონტექსტში უნდა წავუყენოთ რაღაც პირობები, მაგალითად, ლტოლვილების დაბრუნება,“ – განაცხადა არეშიძემ და დასძძინა, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით, თბილისი სოხუმს მოსკოვისგან გამიჯნავს.
"ეს იქნება ერთადერთი საშუალება, რომ ჩვენ აფხაზებს დაველაპარაკებით საერთაშორისო თანამეგობრობის თანდასწრებით, რუსების გარეშე,“ – განაცხადა მან.
"მე ერთი მინდა ვთქვა: ტრადიციული მიდგომების დრო დამთავრდა. ჩვენი მეტოქე, რომელსაც ძალიან ძლიერი რესურსი აქვს როგორც პოლიტიკაში, ასევე დიპლომატიასა და სამხედრო სფეროშიც, ყველა ჩვენს ქმედებაში გვისწრებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ისეთი მოულოდნელი სვლა უნდ გავაკეთოთ, რომელიც ჩვენს მეტოქეს განაიარაღებს, ანუ გარკვეულ დისტანცირებას მოახდენს ჩვენს მეტოქე რუსეთსა და აფხაზებს შორის,“ – განაცხადა არეშიძემ.
მისი თქმით, სამხრეთ ოსეთის საკითხი განსხვავებულია.
"ოსებს ის პრობლემა, რაც აფხაზებს აქვთ, არ აწუხებთ. გარდა ამისა, რუსეთის მიერ ოკუპირებული ეს ტერიტორია სუფთა სამხედრო ტერიტორიაა – იქ ოსების რეგიონიდან გაძევება და იმათი იქიდან გაქრობა დღის წესრიგში არ დგას. აფხაზეთის შემთხვევაში კი დგას, მიუხედავად იმისა, რომ ამას თავად ისინი არ აღიარებენ,“ – განაცხადა არეშიძემ.
"აფხაზეთში დღეს არსებული სიტუაცია არანაირი ოპტიმიზმის საბაბს არ გვაძლევს. ქართული საზოგადოება მიეჩვია იმ აზრს, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდება, ოღონდ ეს შეიძლება გაიწელოს მრავალი წლის განმავლობაში – ამ მხრივ აფხაზეთის საკითხი ბევრად უფრო რთულად დგას, ვიდრე სამხრეთ ოსეთის, რადგან ამ ტერიტორიის დაბრუნება საქართველოს შემადგენლობაში უფრო რეალურს ჰგავს, ვიდრე აფხაზეთის,“ – განაცხადა არეშიძემ.
This post is also available in: English Русский