skip to content
ახალი ამბები

სამხრეთ ოსეთის ლიდერის მესამე ვადით არჩევაზე რეფერენდუმი არ ჩატარდება

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის უზენაესმა სასამართლომ 14 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება, რომელშიც ედუარდ კოკოითის მესამე ვადით ასარჩევად რეფერენდუმის ჩატარება არაკონსტიტუციურად ცნო.

ცოტა ხნის წინ საინიციატივო ჯგუფი თავდაცვის მინისტრის მოადგილის იბრაგიმ გასეევის ხელმძღვანელობით გამოვიდა წინადადებით ჩატარებულიყო რეფერენდუმი დე ფაქტო პრეზიდენტის მესამე ვადით არჩევის თაობაზე.

სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე ცოტა ხნით ადრე საინიციატივო ჯგუფმა უზენაესი სასამართლოს წინ გამართა აქცია მოთხოვნით, რომ ედუარდ კოკოითი მესამე ვადით დარჩენილიყო რეგიონის ლიდერად და იგი "ერის ნების" წინააღმდეგ არ წასულიყო. 

13 ივნისს ედუარდ კოკოითმა განაცხადა, რომ რეფერენდუმის შემთხვევაშიც კი იგი  მესამე ვადით არ იყრის კენჭს ნოემბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე.

ასევე 14 ივნისს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა იმავე საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა, რათა ჩატარდეს რეფერენდუმი იმის თაობაზე, რომ ოსურთან ერთად რუსული ენაც რეგიონის სახელმწიფო ენად გამოცხადდეს. რეფერენდუმი ამ საკითხზე, სავარაუდოდ, მომდევნო ორი ან სამი თვის ვადაში გაიმართება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button