ახალი ამბები

კონსტანტინე გამსახურდია გაეროს ორ სააგენტოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ინიშნება

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, დეპუტატი კონსტანტინე გამსახურდია ჟენევაში განთავსებულ გაეროს ორ სააგენტოში  – ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირში (ITU) და მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციაში (WMO) საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გახდება.

აღსანიშნავია, რომ ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობას შვეიცარიაში საქართველოს ელჩის თანამდებობა ითავსებს.

გამსახურდიას კანდიდატურას, რომელიც უკვე წარდგენილია დასამტკიცებლად, პარლამენტი პარასკევს უყრის კენჭს.

გამსახურდია 2004 წლამდე, ვიდრე საქართველოში დაბრუნდებოდა და პარტიას დააფუძნებდა, შვეიცარიაში ცხოვრობდა. მისი განცხადებით, ახალი თანამდებობის გამო ის უარს იტყვის პარტია "თავისუფლების" თავმჯდომარეობაზე და დეპუტატობაზე.  

გამსახურდიას სადეპუტატო უფლებამოსილება პარლამენტმა 2009 წლის ნოემბერში მას შემდეგ ცნო, რაც ასეთი შესაძლებლობა სპეციალური საკონსტიტუციო ცვლილებით შეიქმნა მათთვის, ვინც პარლამენტში შესვლაზე 2008 წლის არჩევნების „გაყალბების“ მოტივით პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა. ათი ოპოზიციონერიდან ამ შანსით მხოლოდ კონსტანტინე გამსახურდიამ ისარგებლა, რის შემდეგაც იგი ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებების შემსწავლელ კომისიას ჩაუდგა სათავეში და 15–თვიანი მუშაობის შედეგად ამ საკითხზე საბოლოო დასკვნა მოამზადა.

Back to top button