skip to content
ახალი ამბები

გირაოს გადაუხდელობის შემდეგ ბადრი ბიწაძის მიმართ ახალი სამართლებრივი ქმედება არ დაწყებულა

მას შემდეგ, რაც ნინო ბურჯანაძის მეუღლეს და სასაზღვრო პოლიციის ყოფილ უფროსს ბადრი ბიწაძეს გირაოს გადახდის ვადა ამოეწურა, მთავარ პროკურატურას მის მიმართ არანაირი შემდგომი შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე არ დაუყენებია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბადრი ბიწაძეს გირაოს სახით 100 ათასი ლარის შვიდი დღის ვადაში გადახდა 1 ივნისს  პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დააკისრა. ბიწაძეს ბრალი ედება "წინასწარ შექმნილი ჯგუფის მიერ პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმების ორგანიზებაში“. სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ეს დანაშაული ისჯება ტუსაღობით ოთხიდან ექვს თვემდე ან თავისუფლების აღკვეთით შვიდ წლამდე ვადით.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, თუ ბრალდებული გირაოს გამოყენების პირობას დაარღვევს, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით.

იუსტიციის სამინისტროში, რომლის სტრუქტურულ ერთეულსაც წარმოადგენს პროკურატურა, აცხადებენ, რომ ამ საკითხზე ახალი არაფერია. საქალაქო სასამართლოს თქმით, შემდგომი ქმედებისთვის სასამართლოს პროკურატურამ უნდა მიმართოს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბადრი ბიწაძეზე ძებნა ჯერ არ არის გამოცხადებული. "როგორც ჩანს, იგი საქართველოში არ იმყოფება,“– განაცხადა შსს–ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა.

ბადრი ბიწაძის ადგილსამყოფელი 26 მაისის მოვლენების შემდეგ უცნობია. ბურჯანაძის განცხადებით, მან არ იცის სად იმყოფება მისი მეუღლე, თუმცა რომც იცოდეს ამის შესახებ არ იტყვის.

„ჩვენ არ ვაპირებთ არანაირი გირაოს გადახდას და ჩვენ არ ვაპირებთ არანაირი მოლაპარაკებას ტერორისტ ხელისუფლებასთან,“– განუცხადა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს 8 ივნისს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button