სააკაშვილმა რომში ორმხრივი შეხვედრები გამართა
პრეზიდენტმა სააკაშვილმა რომში ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპუისთან და თავის ჩილელ კოლეგასთან სებასტიან პინიერასთან, იტყობინება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში შემდგომი ურთიერთობების განვითარების საკითხებთან ერთად სააკაშვილი და ჰერმან ვან რომპუი შეხვედრისას "ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკების საკითხსაც შეეხნენ და რეგიონში არსებული ზოგადი ვითარებაც მიმოიხილეს“.
“ლიდერებმა საერთაშორისო ურთიერთობის ფართო სპექტრი განიხილეს და ქვეყანაში მიმდინარე და განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების შესახებ ისაუბრეს,“– აცხადებს სააკაშვილის ადმინისტრაცია ჩილეს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის თაობაზე.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა რომში ვიზიტის ფარგლებში, სადაც მან იტალიის გაერთიანების 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა, შეხვედრა გამართა აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)