
ბურჯანაძის მეუღლეს 100 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 ივნისს ნინო ბურჯანაძის მეუღლეს, ბადრი ბიწაძეს გირაოს სახით 100 ათასი ლარის შვიდი დღის ვადაში გადახდა შეუფარდა.
იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული შუამდგომლობით მთავარმა პროკურატურამ სასამართლოს 31 მაისს მიმართა მას შემდეგ, რაც 30 მაისს განაცხადა, რომ სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი, ბადრი ბიწაძე ბრალდებულად ცნო "წინასწარ შექმნილი ჯგუფის მიერ პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმების ორგანიზებაში“. სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ეს დანაშაული ისჯება ტუსაღობით ოთხიდან ექვს თვემდე ან თავისუფლების აღკვეთით შვიდ წლამდე ვადით.
"აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას, გათვალისწინებული იქნა ის გარემოებები, რომ ბ. ბიწაძეს ბრალად ედება განზრახი, მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, ამასთან, მხედველობაში იქნა მიღებული, რომ იგი არ არის ნასამართლევი, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, გააჩნია ქონება გირაოს უზრუნველსაყოფად, ასევე ბრალდებულის პიროვნება, მისი ასაკი და საქმიანობა,"– განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 ივნისს.
“დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა და სახალხო კრების ბოლო დროინდელი საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა ნინო ბურჯანაძემ 30 მაისს განაცხადა მისი მეუღლის მიმართ ეს ბრალდებები მის წინააღმდეგ ხელისუფლების კამპანიის ნაწილია და მიანიშნა, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.
“არავისთვის გირაო არ შეუთავაზებიათ და ჩემი ქმარი რა განსაკუთრებული გამონაკლიასია? რატომ უნდა ისარგებლოს მან რაიმე განსაკუთრებული პრივილეგიით?“ – განუცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, თუ ბრალდებული გირაოს გამოყენების პირობას დაარღვევს, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)