ახალი ამბები

შსს არცერთ მოქალაქეს 26 მაისის მოვლენების გამო დაკარგულად არ განიხილავს


28 მაისს თბილისში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილე, რომელსაც 26 მაისის აქციის დარბევის დროს გარდაცვლილთა საპატივსაცემოდ ხელზე შავი ლენტი უკეთია.ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით "არცერთ მოქალაქეს დაკარგულად არ განიხილავს“, ვინაიდან სამინისტროს სახელზე მსგავსი განცხადება არ შესულა.

"მას შემდეგ რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა ყველა დაინტერესებულ პირს, მიეწოდებინა ინფორმაცია 26 მაისის არასანქცირებული მიტინგის დაშლის დროს დაკარგული მოქალაქეების შესახებ, დღემდე სამინისტროს სახელზე არცერთი განცხადება არ შემოსულა,“– ნათქვამია შსს–ის მიერ 30 მაისს გავრცელებულ მოკლე განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატმა 27 მაისს განაცხადა, რომ იმ ეტაპისთვის „რამდენიმე ათეული პირის ადგილსამყოფელი“ უცნობი იყო.

30 მაისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 47 ადამიანის სია გამოაქვეყნა, რომლებიც დაკარგულად ითვლებიან. საიას თქმით, სია დაკარგულთა ოჯახების მიერ მიწოდებული ინფორმაციის და ასევე მედია საშუალებების ინფორმაციის საფუძველზე შედგა. საიამ ასევე განაცხადა, რომ სიები შედარებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილ სიებთან, რომლებშიც აქციის დაშლამდე და დაშლის დროს დაკავებული პირები არიან შესული.

“არ გამოვრიცხავთ, რომ წარმოდგენილ სიაში შესაძლოა იყოს უზუსტობები, კერძოდ, მითითებული იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც უკვე გამოჩნდნენ და დაუბრუნდნენ ოჯახს და ამის თაობაზე ოჯახმა არ გვაცნობა,” – განაცხადა საიამ, “თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ რისკი იმისა, რომ ამ პირების ადგილმდებარეობა შესაძლოა კვლავ უცნობი იყოს და  საჯარო ინტერესი ამ სიის გამოქვეყნების მიმართ საკმაოდ დიდია, ჩავთვალეთ მიზანშეწონილად აღნიშნული სიის გამოქვეყნება.“ 

პარლამენტის წინ, 26 მაისს ერთი პოლიციელი და სულ ცოტა სამი მომიტინგე გარდაიცვალა სპეცრაზმის მიერ აქციის წყლის ჭავლით, რეზინის ტყვიებით და ცრემლსადენის გაზით დაშლისას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, გარდაცვალების არც ერთი ფაქტი არ უკავშირდება სპეცრაზმის ქმედებებს.

სამინისტროს თქმით, პოლიციელი და ერთი მომიტინგე საპროტესტო აქციიდან გამოსული მანქანების სწრაფად მიმავალმა კოლონამ გაიტანა. პოლიციის თქმით, აქციის მთავარი ორგანიზატორის, ნინო ბურჯანაძის კოლონამ მას შემდეგ დატოვა საპროტესტო აქციის ადგილი, რაც სპეცრაზმმა შუაღამის შემდეგ აქციის დაშლა დაიწყო.

ოფიციალური ვერსიის თანახმად, კიდევ ორი მომიტინგის გარდაცვალების მიზეზი ელექტროსადენებთან მათი შეხება გახდა. ორივე მათგანი, შსს–ის განცხადებით, თავისუფლების მეტროსთან მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე აღმოაჩინეს, იმ ტერიტორიის სიახლოვეს, სადაც სპეცრაზმმა მომიტინგეები დაარბია.

თუმცა, სულ ცოტა ერთი მომიტინგის, ნიკა კვინტრაძის გარდაცვალების გარემოება, რომელიც შსს–ის თქმით, ელექტროსადენების შეხების შედეგად გარდაიცვალა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მას შემდეგ, რაც კვინტრაძის მეგობარმა განაცხადა, რომ ნიკა კვინტრაძე პოლიციამ აქციის დაშლის დროს დააკავა; იგი ასევე აცხადებს, რომ საპროტესტო აქციის ადგილას გადაღებულ ფოტოზე ამოიცნო თავისი მეგობარი, სადაც ხელებშეკრული კვინტრაძე სხვა დაპატიმრებულ მომიტინგეებთან ერთად მიწაზე წევს.


კადრი სტუდია GNS-ის გადაცემიდან ”კვირის რეპორტაჟი”, რომელიც ტელეკომპანია "მაესტრომ“ კვირას გაუშვა, სადაც მამაკაცი დაპატიმრებულ მომიტინგეზე მიუთითებს და აცხადებს, რომ ის მისი მეგობარი ნიკა კვინტრაძეა,რომელიც, შსს–ს თქმით, საპროტესტო აქციის მახლობლად მდებარე ერთ–ერთი მაღაზიის სახურავზე იპოვეს გარდაცვლილი და ამის მიზეზად მისი ელექტროსადენებთან შეხება დაასახელეს.

ფოტოზე ნაჩვენებია რუსთაველის გამზირზე დაპატიმრებული დაახლოებით ათი მომიტინგე; ერთ–ერთი მათგანი მიწაზე პირქვე წევს უკან შეკრული ხელებით. რეზო რეხვიაშვილმა კვირას ტელეკომპანია "მაესტროს“ ეთერით გასულ გადაცემას „კვირის რეპორტაჟს“ განუცხადა, რომ სწორედ ეს მამაკაცი, რომელიც პირქვე წევს, არის მისი მეგობარი ნიკა კვინტრაძე, რომელთან ერთადაც იგი აქციაზე იმყოფებოდა, როდესაც სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო. მან ასევე განაცხადა, რომ კვინტრაძე ვერ შეძლებდა პოლიციისგან თავის დაღწევას მას შემდეგ, რაც ის დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მართალია კვინტრაძის და მასთან ერთად ნაპოვნი მეორე მომიტინგის გარდაცვალების გარემოებების გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ სასამართლო ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ გარდაცვალება ელექტროსადენებთან შეხებამ გამოიწვია. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button