ახალი ამბები

შსს–ს თქმით, აქციებთან დაკავშირებული შეიარაღებული ჯგუფი დაკავებულია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორშაბათს განაცხადა, რომ 26 მაისს პოლიციამ 24–კაციანი შეიარაღებული დაჯგუფება დააპატიმრა, რომელსაც სავარაუდოდ კავშირი ჰქონდა ბოლოდროინდელი საპროტესტო აქციების ლიდერებთან და რომლის მიზანიც „საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული პროვოკაციების მოწყობა“ იყო.

შსს–ის ინფორმაციით, შეიარაღებული ჯგუფი შიდა ქართლის რაიონის სოფელ ყინწვისის მახლობლად დააკავეს.

შსს–მ ასევე განაცხადა, რომ შეიარაღებული ჯგუფი საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა თემურ ხაჩიშვილმა ჩამოაყალიბა, რომელიც მოსკოვიდან ახორციელდა ჯგუფის კოორდინაციას, ვინაიდან ამჟამად ის სწორედ რუსეთის დედაქალაქში ცხოვრობს. გარდა იმისა, რომ ხაჩიშვილს 90–იანი წლების დასაწყისში შსს–ს გარდა, უსაფრთხოების სტრუქტურებში სხვადასხვა მაღალი რანგის თანამდებობები ეკავა, იგი „მხედრიონის“ ერთ–ერთი წამყვანი ფიგურაც იყო. ეს გასამხედროებული ჯგუფი 1995 წელს დაიშალა მაშინდელ პრეზიდენტზე ედუარდ შევარდნაძეზე ტერორისტული თავდასხმის შემდეგ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე გამოაქვეყნა სავარაუდო შეიარაღებული ჯგუფის რამდენიმე წევრის ჩვენებებიც, ასევე სატელეფონო საუბრის ჩანაწერებიც ჯგუფის წევრებსა და ხაჩიშვილს შორის.

ვიდეო ჩვენებებში რამდენიმე დაკავებული პირი ამბობს, რომ მათი სავარაუდო გეგმის თანახმად, ნინო ბურჯანაძის მეუღლეს, ბადრი ბიწაძეს და მის ჯგუფს ძალადობა უნდა გამოეწვიათ, მათ შორის საზოგადოებრივ მაუწყებელში შეჭრის გზით. ამ ჩვენებების თანახმად, ყინწვისში მყოფ შეიარაღებულ დაჯგუფებას სწორედ ამ არეულობების შემდეგ უნდა დაეწყო მოქმედება.

ასევე ორშაბათს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შსს–ს მიერ გამოქვეყნებულ დაპატიმრებულ მომიტინტეთა სიასა და სახალხო დამცველის აპარატის მიერ 28 მაისს გავრცელებულ ანალოგიურ სიას შორის სხვაობა იმ მიზეზით არის გამოწვეული, რომ ამ უკანასკნელის სიაში არა მხოლოდ ის მომიტინგეები შედიან, რომლებიც 26 მაისის აქციის დაშლის შედეგად დააპატიმრეს, არამედ ის აქტივისტებიც, რომლებიც აქციის დაშლამდე დააკავეს, ასევე ის 24 პირიც, რომლებიც ყინწვისში დააპატიმრეს. პოლიციის მიერ გამოქვეყნებულ სიაში 105 პირია, ხოლო სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებული სია 162 ადამიანისგან შედგება. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button