
ეუთოს წარმომადგენელი მედიის საკითხებში ჟურნალისტებზე ძალადობას გმობს
საპროტესტო აქციის დაშლის დროს პოლიციის მიერ ჟურნალისტების შეურაცხყოფის, დაკავების და დაკითხვის ფაქტები "შემაშფოთებელია“, განაცხადა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელმა დუნია მიატოვიჩმა.
მიუხედავად იმისა, რომ პრესის წარმომადგენლის დამადასტურებელი მოწმობები ჰქონდათ, სულ ცოტა ათ ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებს სამართალდამცავებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ნათქვამია ეუთოს პრეს–რელიზში. რამდენიმე ჟურნალისტი დაკითხვის მიზნით დააკავეს; სხვებს პრესის მოწმობები ჩამოართვეს, ხოლო მათი აღჭურვილობა ან დაზიანდა, ან ჩამოართვეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის სახელზე გაგზავნილ წერილში მიატოვიჩმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა უზრუნველყოს, რომ ჟურნალისტებს ნებისმიერ დროს შეეძლოთ უსაფრთხოდ შეასრულონ თავიანთი პროფესიული მოვალეობები.
"შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ პოლიცია პროფესიული მოვალეობების შესრულებაში ჩართულ ჟურნალისტებს შეურაცხყოფას აყენებს, აკავებს და დაკითხავს,“ – განაცხადა მიატოვიჩმა, "სამართალდამცავმა სტრუქტურებმა არ უნდა შეუშალონ ხელი ჟურნსლისტების საქმიანობას, არამედ დაიცვან ისინი და უზრუნველყონ, რომ მედიას შეეძლოს თავისუფლად მოქმედება უსაფრთხო გარემოში“.
27 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ აცხადებს, რომ ის "ძლიერ შოკირებულია“ იმ ძალადობის გამო, რომელსაც ჟურნალისტების წინააღმდეგ ჰქონდა ადგილი.
„ჩვენი წყაროების მიხედვით, პოლიციამ, რომელმაც, როგორც ჩანს თვითკონტროლი დაკარგა, სულ ცოტა ათ ჟურნალისტზე განახორციელა თავდასხმა და დაკავება,“ – ნათქვამია განცხადებაში, "დაუშვებელია ძალის გამოყენება იმ ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც მხოლოდ მოვლენებს აშუქებდნენ. მოვუწოდებთ როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას პატივი სცენ ჟურნალისტებს, რომლებიც არ უნდა გახდნენ არსებული პოლიტიკური დაძაბულობის ირიბი მსხვერპლნი“.
This post is also available in: English Русский