ახალი ამბები

ბათუმში ტელევიზიასთან მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

სამართალდამცავებმა ბათუმში ტელევიზიის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები დაარბიეს მას შემდეგ, რაც აქციაზე ქვების სროლა ატყდა.

ამის შესახებ Civil.-ge-ს გაზეთ "ბათუმელების“ ჟურნალისტმა მზია ამაღლობელმა განუცხადა, რომელიც შემთხვევის თვითმხილველი იყო. სახალხო კრების აქტივისტები აჭარის ტელევიზიისგან საეთერო დროის გამოყოფას ითხოვდნენ და ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ტელევიზიის ხელმძღვანელობას 15 წუთი მისცეს.

"ბათუმელების“ ჟურნალისტის თქმით, ვიდრე ეს ვადა ამოიწურებოდა, გაურკვეველმა პირებმა ქვების სროლა დაიწყეს და ამას მოჰყვა პოლიციის, მათ შორის უფორმო პირების მხრიდან, აქციის მონაწილეთა დარბევა, რაც "მოულოდნელად“ დაიწყო. მისი თქმით, დარბევის აქტიური ფაზა, დაახლოებით, 3 წუთს გრძელდებოდა და მომიტინგეების ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიიდან "გაყრით“ დასრულდა.

შსს–ს წარმომადგენელმა განუცხადა Civil.ge–ს, რომ პოლიციას ადგილობრივი ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიიდან მომიტინგეების გაყრა მოუხდა მას შემდეგ, რაც მომიტინგეებმა "ქვების სროლა დაიწყეს“. 

სავარაუდოდ მობილური ტელეფონით გადაღებულ ვიდეომასალაში, რომელიც YouTube–ზე გავრცელდა, ნაჩვენებია შეხლა–შემოხლამდე არსებული ქაოტური ვითარება აჭარის ტელევიზიის შესასვლელთან. ასევე ისმის ადამიანის შეძახილი "არ ისროლოთ ბიჭო“.

სახალხო კრებამ თბილისის აქციის, პარალელურად, მიტინგი 21 მაისს ბათუმშიც გამართა. ორივე შემთხვევაში მომიტინგეებმა ტელევიზიებთან გადაინაცვლეს საეთერო დროის მოთხოვნით.

საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ სახალხო კრების აქცია კვლავაც გრძელდება. ტელევიზიის შენობაში და შიდა პერიმეტრზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button