ახალი ამბები

ნიკოლაიშვილი: ბაქო 575 მლნ აშშ დოლარს გამოუყოფს თბილისს რეგიონალური სარკინიგზო ხაზისთვის

აზერბაიჯანმა მიიღო გადაწყვეტილება ბაქო–თბილისი–ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის დასასრულებლად საქართველოს გრძელვადიანი სესხის სახით, დამატებით 575 მილიონი აშშ დოლარი გამოუყოს, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა 19 მაისს.

ნიკოლაიშვილმა, რომელიც მიმდინარე კვირას ბაქოს სტუმრობდა, სადაც აზერბაიჯანის ხელმძღვანელობას შეხვდა, განაცხადა, რომ ახალ რკინიზგაზე მიმდინარე სამუშაოების 80% წელს დასრულდება და ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო ხაზი ექსპლოატაციაში 2012 წელს შევა.

აზერბაიჯანმა, საქართველომ და თურქეთმა ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყეს. იგი ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე მარაბდა – ახალქალაქის 178-კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას, ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას სადგურ ახალქალაქიდან სადგურ ყარსამდე საერთო სიგრძით 98 კმ, საიდანაც საქართველოს მხარეს არის 30-კილომეტრიანი სარკინიგზო მაგისტრალი ახალქალაქი – კარწახის (თურქეთის საზღვარი) მიმართულებით, ხოლო თურქეთის მხარესაა კარწახიდან ყარსამდე 68 კმ სიგრძის მონაკვეთი. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში ახალქალაქში ახალი რკინიგზის სადგური აშენდება.

2007 წელს აზერბაიჯანი თბილისისთვის 200 მილიონი აშშ დოლარის სესხის გამოყოფას დათანხმდა რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობის და რეაბილიტაციის დასაფინანსებად.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button