
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ქართველ მინისტრებს შეხვდა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 16 მაისს ბაქოში ცალ–ცალკე შეხვედრები გამართა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ბაჩო ახალაიასთან და რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრთან რამაზ ნიკოლაიშვილთან.
"შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობები წარმატებით ვითარდება სხვადასხვა სფეროებში. [ალიევმა და ახალაიამ] თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებზე მოსაზრებები გაცვალეს,“ – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურმა ალიევის ახალაიასთან შეხვედრის შემდეგ.
ცალკე პრეს–რელიზში აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება, რომ ალიევმა ნიკოლაიშვილთან შეხვედრაზე ორმხრივი პროექტები, მათ შორის ბაქო–ახალქალაქი–ყარსის რეგიონალური პროექტის განხორციელების საკითხი განიხილეს.
ბაქოში ვიზიტამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთს სტუმრობდა. 12 მაისს სტამბულში საერთაშორისო მრეწველობის გამოფენის IDEF 2011 ფარგლებში ბაჩო ახალაია თავის თურქ კოლეგას ვეჯდი გიუნულს შეხვდა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხი განიხილა. აპრილში ახალაია ერევანს სტუმრობდა, სადაც თავის სომეხ კოლეგას, სეირან ოჰანიანს და პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს შეხვდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)