
საქართველო Amnesty International-ის ანგარიშში
დევნილთა უფლებები, საპროტესტო აქციების მონაწილეებზე თავდასხმების გამოუძიებელი ფაქტები, კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხები იმ თემებს შორის მოხვდა, რომლებზეც საუბარია Amnesty International-ის ყოველწლიური ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც საქართველოს ეხება.
„რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის კონფლიქტის არც ერთმა მხარემ არ განახორციელა ყოვლისმომცველი გამოძიება, მიუხედავად ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ფაქტების შემსწავლელი საერთაშორისო მისიის მოხსენებისა, რომელშიც დადასტურებულია, რომ ქართულმა, რუსულმა და სამხრეთ ოსურმა ძალებმა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართალი დაარღვიეს,“ – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ "ეფექტურად ვერ გამოიძია“ 2008 წლის ოქტომბერში გაუჩინარებული სამი ოსი მამაკაცის ბედი. დოკუმენტში 2010 წლის ივლისში ცხინვალში სამოქალაქო აქტივისტზე თემურ ცხოვრებოვზე თავდასხმის ფაქტიც არის ნახსენები.
ანგარიშის თანახმად, მიუხედავად გარკვეული პროგრესისა, დევნილთა საცხოვრებლის და მათი ინტეგრაციის პრობლემების მოგვარება კვლავ "არასაკმარის“ დონეზე ხდება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა დევნილთა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად, თუმცა რამდენიმე განახლებული კოლექტიური ცენტრი და ახლად აშენებული დასახლება ადეკვატური საცხოვრებლის საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ 2010 წლის ზაფხულში დაახლოებით 500 დევნილის თბილისში არსებული დრობითი საცხოვრებლებიდან იძულებითი გამოსახლებით საერთაშორისო სტანდარტები დაირღვა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2009 წლის აქციების დროს პოლიციის და უცნობი ჯგუფების მიერ მომიტინგეთა დევნისა და თავდასხმების ფაქტების გამოძიება შეფერხებულია. ანგარიშში ასევე საუბარია იმ შეშფოთებაზე, რომელსაც ადამიანის უფლებათა ზოგიერთი დამცველი 2010 წლის სექტემბერში პოლიციისთვის ე.წ. ‘შეჩერებისა და ზედაპირული შემოწმების’ უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით გამოთქვამდა.
This post is also available in: English Русский